კარპენტერი: საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია

“საქართველოსთან ჩვენი თანამშრომლობის დიდი ნაწილი ამჟამად გადახედვის პროცესშია, მათ შორის, “ღირსეული პარტნიორის” წვრთნები და სხვა ჩართულობები, რაც ჩვენ გვაქვს საქართველოს მთავრობასთან”, – განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკ კარპენტერმა.
კარპენტერის განცხადებას ამერიკის ხმა ავრცელებს.
კარპენტერმა ასევე საქართველოს მთავრობის საგარეო კურსის ცვლილებაზეც მიუთითა.
“ცხადია, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით წავიდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის თვალსაზრისით”, – აღნიშნა მან.
კარპენტერი განმარტავს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებები შეუსაბამოა ნატოსა და ევროკავშირის, ზოგადად, დასავლურ სტანდარტებთან.
“გულწრფელად რომ ვთქვათ, როდესაც ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას, როდესაც ვხედავთ მიღებულ კანონებს, რომლებიც ზღუდავს სივრცეს საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებებისთვის, ეს არ არის თავსებადი იმ ღირებულებებთან, რომლებსაც ნატოს ალიანსი ემყარება. ასევე, არ მიგვაჩნია, რომ ის თავსებადია ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ასე რომ, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ვიხილავთ მიმართულების, სტრატეგიული მიმართულების ცვლილებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან”- აცხადებს კარპენტერი.
კარპენტერის თქმით, იქამდე, სანამ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და დასავლური სტანდარტების ნაბიჯებს არ გადადგამს, “ჩვენი [ამერიკის] ყველა პროგრამა საქართველოსთან გადახედვის პროცესშია”.
5 ივლისს -ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადაიდო.