გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა – პოლიცია მას ჯერ კიდევ ეძებს

გლოვოს კურიერის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. პროკურატურა მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. აღნიშნული დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, ადამიანი, ვინც კურიერი დაჭრა, 40 წლამდე მამაკაცია და ის უკვე იდენტიფიცირებულია. თუმცა პოლიცია მის პოვნას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.
[…] პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
35 წლამდე კურიერი 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე დაჭრეს. ოჯახის ინფორმაციით, მან მომხმარებელს ერთ-ერთი მარკეტიდან შეკვეთა მიუტანა. აღმოჩნდა, რომ შეკვეთას 1 ბოთლი ლუდი აკლდა, რის გამოც მომხმარებელი გაღიზიანდა და კურიერს ჩხუბი დაუწყო. ინციდენტში 8 ადამიანი მონაწილეობდა. საბოლოოდ, ერთ-ერთმა მათგანმა ის დაჭრა.
კურიერს დაზიანება ტერფზე აქვს მიყენებული. თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში ოჯახს უთხრეს, რომ საჭირო იყო თითების ამპუტაცია. თუმცა, გუშინ, 7 ივლისს მას ჩაუტარდა ოპერაცია და მოახერხეს თითების შენარჩუნება. ახლა მას რეაბილიტაცია სჭირდება, რომელიც, დაახლოებით 5-6 თვეს გაგრძელდება. მოგვიანებით, კი, სავარაუდოდ, საჭირო იქნება კიდევ ერთი ოპერაცია.
დაჭრილი კურიერის ბიძაშვილის, ჟურნალისტ სალომე გოგოხიას თქმით, გამოძიებას აქვს ყველა საჭირო მტკიცებულება, მათ შორის, გლოვოდან მიწოდებული მონაცემები შემკვეთის ვინაობისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ, ასევე, სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია. ასევე, იმ საბანკო ბარათის მონაცემები, საიდანაც თანხა ჩამოიჭრა. ამ ყველაფრის ფონზე, ის, რომ ორი დღის განმავლობაში პოლიციას არავინ დაუკავებია, “ოჯახს აფიქრებინებს, რომ ვიღაც ხელს აფარებს. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხეჩინაშვილის კლინიკა სახლში უშვებდა დაჭრილს, რომელსაც წუხელ ხუთი საათი უტარდებოდა ოპერაცია”.

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ქართველ ხალხს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასტუმრება გადაწყვეტილი აქვს – პრეზიდენტსა და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს შორის სამშაბათს არის შეხვედრა და მის ინიციატივებზე იქ შედგება საუბარი