შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, 7 ივლისს, პენსილვანიის შტატში ჩავიდა, რათა ამერიკის ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატში საარჩევნო კამპანია გააგრძელოს. დემოკრატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის მაქსიმალურად უნდა გააქტიურდეს და რაც შეიძლება სწრაფად აჩვენოს ამომრჩევლებს, რომ დემოკრატ პრეზიდენტს გონებაც უჭრის და ფიზიკურადაც ჯანმრთელია, რათა კამპანია გამარჯვებით დაასრულოს და ნოემბრის არჩევნებში მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხოს.
პენსილვანიაში გამართულ შეხვედრებზე, 81 წლის ბაიდენმა საკუთარ ასაკზე იხუმრა და თქვა, რომ მართალია, 40 წლის მამაკაცს ჰგავს, მაგრამ აქამდე ის “დიდი გამოცდილებით” მოვიდა. პრეზიდენტი ამბობს, რომ თეთრ სახლში კიდევ ერთი ვადით არჩევისას, მას “ამერიკის ისევ გაერთიანება” სურს. “ღმერთს გეფიცებით, ამერიკის მომავალთან დაკავშირებით ასე ოპტიმისტურად განწყობილი არასდროს ვყოფილვარ… ოღონდ, თუ ყველა ერთად ვიდგებით. ამერიკაში ღირსება და იმედი უნდა დავაბრუნოთ”, – თქვა ბაიდენმა.
დღის ბოლოს, მეუღლე ჯილ ბაიდენთან ერთად, პრეზიდენტი ჰარისბურგში ჩავიდა, შტატის დედაქალაქში. ის დაპირდა ამომრჩევლებს, რომ 27 ივნისის ჩატარებული წარუმატებელი ტელედებატების შემდეგ, საარჩევნო კამპანიას არ დატოვებს. დებატებზე მას აზრი რამდენჯერმე გაუწყდა და მსჯელობა სხვა მიმართულებით წაიყვანა. შესაბამისად, ბაიდენმა ვერ შეძლო რესპუბლიკელი ოპონენტის თავდასხმების მოგერიება.
დებატების შემდეგ, ბევრი დემოკრატი კითხულობს, ზოგი საჯაროდ და ზოგი დახურულ კარს მიღმა, აქვს თუ არა ბაიდენს შესაძლებლობა მეორედ დაამარცხოს ტრამპი მას შემდეგ, რაც 2020 წლის არჩევნებში მას მხოლოდ მცირე უპირატესობით მოუგო. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენი სტაბილური იყო პარასკევს ღამით, ABC News-თან ინტერვიუში, ამან არ ჩაახშო შფოთვა მისი კანდიდატურის შესახებ, დემოკრატებს შორის.
წარმომადგენელთა პალატაში ხუთმა დემოკრატმა სთხოვა ბაიდენს, დატოვოს არჩევნები და პარტიის კანდიდატად, მხარი დაუჭიროს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს. მათი ვარაუდით, ტრამპის წინააღმდეგ, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჰარისი უფრო ძლიერი საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება.
კვირას, ამერიკული მედიით გადაცემულ მასალებში, აშკარად გამოიკვეთა დემოკრატთა შფოთვა ბაიდენის შესაძლებლობებთან დაკავშირებით. “საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენს ეკუთვნის, – მას და მხოლოდ და მხოლოდ მას”, – უთხრა დემოკრატმა კანონმდებელმა ადამ შიფმა კვირას ტელეკომპანია “ენ-ბი-სის” ჟურნალისტს. დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმ “სი-ენ-ენთან” ინტერვიუში თქვა, რომ “ეს კვირა მართლაც გადამწყვეტი იქნება”.
სამშაბათს, 9 ივლისს, ვაშინტონი ნატოს საიუბილეო სამიტს მასპინძლობს. სამიტის ფარგლებში, ბაიდენი ზედიზედ რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრას გამართავს. ხუთშაბათს, 11 ივლისს კი ერთობლივი პრესკონფერენცია იგეგმება.