კვლევა: განსაკუთრებით გამძლე ხავსი მარსზე კოლონიების უზრუნველყოფას შეიძლება მოხმარდეს

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სინძიანის რეგიონში გავრცელებული ხავსის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ექსტრემალურ პირობებს უძლებს, მარსზე კოლონიების უზრუნველყოფას შეიძლება მოხმარდეს. ამის შესახებ ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიამ კვლევა ჟურნალ The Innovation-ის 2024 წლის 1 ივლისის გამოცემაში გამოაქვეყნა.
ცდები აჩვენებს, რომ ხავსის სახეობას, Syntrichia Caninervis-ს მარსის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეუძლია. ამ სახეობამ ექსტრემალური სიმშრალეს, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურასა და რადიაციას გაუძლო.
მეცნიერები წერენ, რომ ხავსის ამ სახეობამ „ჟანგბადის წარმოებაში, ნახშირბადის სეკვესტრირებასა და ნიადაგის ნაყოფიერებაში წვლილის შეტანით ეკოსისტემის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების საფუძვლის“ როლი შეიძლება შეასრულოს.
“(რედ. – ეს ხავსი) სხვა უმაღლესი მცენარეებისთვისა და ცხოველებისთვის საჭირო ატმოსფერულ, გეოლოგიურ და ეკოლოგიურ პროცესებს შეიძლება დაეხმაროს და ადამიანთა გრძელვადიანი დასახლებისთვის საცხოვრებლად ვარგისი გარემოს შექმნას შეუწყოს ხელი“. – წერია კვლევაში.
მეცნიერთა კვლევის თანახმად, ხავსმა უჯრედული წყლის შემცველობის 98%-ის დაკარგვის შემთხვევაშიც რეჰიდრირების შემდეგ ფოტოსინთეზური და ფიზიოლოგიური უნარები რამდენიმე წამში დაბრუნება შეძლო. Syntrichia Caninervis-ს ასევე შეუძლია, რომ -80 გრადუს ცელსიუს ტემპერატურას 5 წლის განმავლობაში გაუძლოს.
ხავსის ეს სახეობა სინძიანში, ტიბეტში, კალიფორნიის უდაბნოშო, ახლო აღმოსავლეთსა და პოლარულ რეგიონებში არის გავრცელებული.