ფილიპინებმა და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმება გააფორმეს

ფილიპინებმა და იაპონიამ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება ამარტივებს ქვეყნის ტერიტორიაზე აღჭურვილობისა და სამხედროების შეყვანას საბრძოლო წვრთნებისა და კატასტროფასთან გამკლავების პროცესში.
ეს არის იაპონიის მიერ აზიურ ქვეყანასთან გაფორმებული პირველი თავდაცვის შეთანხმება.
ასეთი შეთანხმება იაპონიასა და ფილიპინებს შორის გასაკვირი არ არის სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის პოლიტიკის შედეგად გამოწვეული დაძაბულობის ფონზე. ჩინეთი მისი ცნობილი “10-პუნქტიანი ხაზით” თითქმის მთელ სამხრეთ ჩინეთის ზღვას საკუთარ ისტორიულ ტერიტორიად აცხადებს.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული კუნძულების კონტროლი სტრატეგიული მნიშვნელობისაა რეგიონის სახელმწიფოებისთვის, ვინაიდან საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიხედვით, სახელმწიფოებს საკუთარი ტერიტორიიდან 200 საზღვაო მილის გარშემო შეუძლიათ ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შექმნა, სადაც წიაღისეულის მოპოვება და თევზაობა მხოლოდ მათ შეეძლებათ.
ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაძაბულობა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამწვავდა. 25 მარტს ფილიპინების სანაპიროსთან ჩინეთის სანაპირო დაცვის “აგრესიული ქმედებების” გამო ჩინეთის წარმომადგენელი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.