გიორგი გაბიტაშვილი – პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად, ბოლო წლებში, ფულის გათეთრების გამოვლენის და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაიზარდა

საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად, ბოლო წლებში, ფულის გათეთრების გამოვლენის და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაიზარდა, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის განცხადებით, 2021-2023 წლებში, ფულის გათეთრების დანაშაულებზე გამოტანილი განაჩენებით ჩამორთმეულია დაახლოებით 95 მილიონი ლარის ღირებულების ვირტუალური აქტივები, უძრავი ქონება და ავტომანქანები.
„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფმა, საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ისტორიაში პირველად, დიდი ოდენობით დანაშაულებრივი წარმომავლობის კრიპტოვალუტა ამოიღო“, – აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა.
მისი თქმით, ფულის გათეთრება ორგანიზებული დანაშაულის ნაირსახეობაა, რომელსაც ძირითადად ტრანსნაციონალური ხასიათი აქვს და ამ დანაშაულის გამოძიება, წარმატებულ უწყებათაშორის თანამშრომლობასთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებას მოითხოვს.
„წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, უახლოეს წარსულში, პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, ნიდერლანდების, ლიეტუვის საპოლიციო და საპროკურორო დანაყოფებთან ერთობლივად ჩატარებული ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ არაერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა. ამოღებულია ათეულობით მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების აქტივები და მოპოვებულია მტკიცებულებები“, – აღნიშნა გენერალური პროკურორობის კანდიდატმა.
გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, საქართველოს პროკურატურის მიერ, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში ჩატარებულმა ერთობლივმა ღონისძიებებმა, მაღალი შეფასება დაიმსახურა როგორც ევროჯასტის, ასევე პარტნიორი ქვეყნების მხრიდან.
როგორც გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტმა, საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ასევე მაღალი შეფასება მისცა საქართველოს პროკურატურის საქმიანობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?