თბილისის აეროპორტთან Ibis-ის სასტუმროს მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება – განახლებული პროექტის დეტალები

მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე თბილისის აეროპორტის მიმდებარედ Ibis-ის ბრენდით სასტუმროს მშენებლობა დასრულდება. სასტუმროს ასაშენებლად 12 653 კვ.მ ფართი დეველოპერულმა კომპანია Fujin Silk Properties-მა პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 1 851 000 ლარად ჯერ კიდევ 2018 წლის 31 მაისში იყიდა.
აუქციონის პირობების მიხედვით, მიწის ახალი მფლობელი ვალდებული იყო პირადად ან მესამე პირის მეშვეობით შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე არანაკლებ 120 ნომრის მქონე სასტუმროს შეექმნა (აშენება, ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება), თუმცა პანდემიის გამო სახელმწიფოსა და კომპანიას შორის სახელშეკრულებო ვალდებულებების გადავადება 2024 წლის ზაფხულამდე მოხდა. ცვლილება შეეხო სასტუმროს ნომრების რაოდენობასაც და 120 ნომრის ნაცვლად ის 72 ნომრიანი იქნება.
12 653 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე სამსართულიანი სასტუმროს სამშენებლო სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, ამ დროისთვის კი კომპანია არქიტექტურის სამსახურისგან მცირედით კორექტირებულ პროექტზე მშენებლობის ნებართვას და დასრულების ვადის ზაფხულის ნაცვლად, 10 ოქტომბრამდე გადავადებას ელოდება.
„დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს მშენებლობის პროცესი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის მიხედვით ვადით 10.07.2024 წლამდე. ამჟამად ობიექტზე მთლიანად დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, დაკვალვის სამუშაოები, მიწის სამუშაოები, საფუძვლების მოწყობა, საძირკვლების მოწყობა, შენობის კონსტრუქციული სამუშაოები 0,00 ნიშნულამდე და ზევით, სახურავის სამუშაოები, არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა, მიმდინარეობს და გრძელდება დანარჩენი სამუშაოები. დასრულებულ ეტაპებზე შედგენილია შესაბამისი ჩაბარების ოქმები.
წინამდებარე წარმოდგენილი მოპ.-ის თანახმად წარმოდგენილი დარჩენილი სამუშაოები უნდა დასრულდეს 2024 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთისი“ აუქციონამდე 2 დღით ადრე დარეგისტრირდა და მისი დამფუძნებელი და დირექტორი საქართველო-საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ჯონ დიამან ტეო დოდელანდია.
არსებული ხელშეკრულებით კომპანიას მინიმუმ 5 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება ევალებოდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სასტუმროში განთავსდება 72 ნომერი და იქნება Ibis-ის ბრენდის Plaza-ს გლობალური თანამედროვე კონცეფციის შესაბამისი. სასტუმროში განთავსდება თანამედროვე ბიზნეს ცენტრი, შეხვედრების ოთახები და ქართული ღვინის მაღაზია, სადაც წარმოდგენილი შერჩეული კოლექცია, საქართველოს ღვინის წარმოების მრავალწლიან ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობას გაუსვამს ხაზს.
Fujin Silk Properties-მა რამდენიმე წინა წელს Accor-თან თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გააფორმა. როგორც Accor-ში განმარტავენ, სასტუმროს ძალიან მოხერხებული ლოკაცია სტუმრებს შესაძლებლობას მისცემს მარტივად და დაუბრკოლებლად მოხვდნენ თბილისის ცენტრალურ უბნებში, რომლის განსხვავებული და ეკლექტური არქიტექტურა ხიბლავს ვიზიტორებს.