გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრის, მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი მზად არიან, რომ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 9 დათქმის შესასრულებლად სამუშაო პროცესში ჩაერთონ.
“დღეს ყველაზე აქტუალური თემა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესია. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი მთავარი საზრუნავი და მოთხოვნა უკვე არა კანდიდატის სტატუსს, არამედ, მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას ეხება […] შალვა პაპუაშვილს ოფიციალურად მივმართეთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამუშაო ფორმატები შეიქმნას. ჩვენ მზად ვართ, რომ ამ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა მივიღოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალ წელს, ამ დროს საქართველო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდეს.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რა გეგმაც გაქვთ, გამოაქვეყნეთ და სამუშაო ფორმატები დროულად შექმენით. ასევე,ყველა ოპოზიციონერს მოვუწოდებ, რომ ამ სამუშაო ფორმატებში მონაწილეობა მიიღონ”. – თქვა დაუშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს.
ქართულმა ოცნებამ ევროკომისიის 9 დათქმის შესასრულებლად სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, თუმცა, ის ჯერ არ გასაჯაროებულა. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი ამ დოკუმენტს დღეს, 28 ნოემბერს, ან მაქსიმუმ ხვალ წარადგენენ.
15 ნოემბერს პარტიამ საქართველოსთვის პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს წერილით მიმართა, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის მიზნით, სამუშაო ფორმატები დაინიცირდეს.
2022 წელს წარდგენილი 12 პირობის ნაწილობრივ შესრულების ფონზე, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი შემდეგი რეფორმების გატარების პირობებში:
· ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციასა და ჩარევასთან ბრძოლა;
· ევროკავშირის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს შესაბამისობის გაუმჯობესება;
· პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი განხილვა, მათ შორის, პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საკანონმდებლო მუშაობა უფრო ინკლუზიური გზით, განსაკუთრებით, საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;
· თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმის დასრულება, მათ შორის, არჩევნებამდე მუშაობის დაწყება ელექტორატის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად;
· საპარლამენტო კონტროლის დანერგვის გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკის და კომუნიკაციების კომისიის მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
· ჰოლისტური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დანერგვა და დასრულება. მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის სამსახურის სრულფასოვანი რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით;
· ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობისა, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეების ეფექტური გამოძიების ძლიერი გამოცდილების დაგროვება;
· მიმდინარე სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;
· ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით, ასევე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიებები მოწყვლადი ჯგუფების, მედია-პროფესიონალებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების მიმართ საფრთხისშემცველ შემთხვევებზე და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში მათი ჩართულობისა და თავისუფლად მოქმედების უზრუნველყოფა.