ჩინური ელექტრომობილების მწარმოებელი BYD თურქეთში $1 მლრდ-ის ინვესტიციით ქარხანას ააშენებს, იუწყება Bloomberg.
სააგენტოს წყაროების ცნობით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამის შესახებ ორშაბათს მანისის პროვინციაში გამართულ ცერემონიაზე გამოაცხადებს, სადაც ქარხნის მშენებლობა იგეგმება.
თურქეთში ქარხნის გახსნა BYD-ს ევროკავშირის ბაზარზე წვდომას გაუადვილებს, რომელთანაც ქვეყანას საბაჟო შეთანხმება აქვს.
ევროკომისიამ ევროკავშირში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებითი გადასახადები შემოიღო. BYD-ისთვის ეს გადასახადი არის 17,4%. ადრე ევროკავშირს ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე 10%-იანი გადასახადი უკვე ჰქონდა.
თურქული ბაზარი ასევე დაინტერესებულია BYD-ით. გასულ წელს ელექტროძრავიანი მანქანები თურქეთში ავტომობილების გაყიდვის 7,5%-ს შეადგენდა.
პარასკევს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ უარი თქვა ქვეყანაში ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე დამატებითი 40%-იანი გადასახადის შემოღებაზე, რაც ივნისში გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც თურქეთისა და ჩინეთის პრეზიდენტებმა მოილაპარაკეს.