სიდნეიში სახლში ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, მამა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

7 ივლისს, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში, სახლში გაჩენილი ხანძარს 3 ბავშვი, მათ შორის 10 თვის ჩვილი, ემსხვერპლა. პოლიციამ 28 წლის მამა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულ 2 ბავშვს, 2 და 4 წლის ბიჭებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა ორივე საავადმყოფოში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. 10 თვის გოგონა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ სახლში დაღუპული იპოვეს.
ხანძრის შედეგად ასევე სხვა 4 ბავშვი დაშავდა, რომლებიც ახლა საავადმყოფოში დედასთან ერთად სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან.
28 წლის კაცი, რომელიც პოლიციას და მეზობლებს სახლში შესვლასა და დახმარებაში ხელს უშლიდა, ადგილზე დააკავეს და ხანძრის დროს შესუნთქული კვამლის გამო საავადმყოფოში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს. პოლიციამ დაადასტურა, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ბავშვების მამაა.
საქმეს მკვლელობათა განყოფილების გამომძიებლები ხელმძღვანელობენ და მომხდარს ოჯახში ჩადენილ მკვლელობად განიხილავენ.
“როგორც ამ ეტაპზე ჩანს, რამდენიმე ახალგაზრდის ტრაგიკულ სიკვდილზე 28 წლის კაცი არის პასუხისმგებელი”. – თქვა მკვლელობების განყოფილების სუპერინტენდენტმა, დენი დოჰერტიმ