ივნისში უკანონო ტყით სარგებლობის 156 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ივნისში უკანონო ტყით სარგებლობის 156 ფაქტი გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მათ შორის, 119 -ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 37 კი, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 15 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყით სარგებლობის ყველაზე მეტი – 69 ფაქტი გამოვლენილია კახეთში; აჭარაში დაფიქსირდა 24 სამართალდარღვევა, სამცხე-ჯავახეთში – 19, იმერეთში – 15, შიდა ქართლში – 11, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 9, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში – 4, გურიაში – 4, ქვემო ქართლში კი, 1.
ჯამში ამოღებულია 138 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 8 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. მიმდინარე წლის 6 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყით სარგებლობის 1311 ფაქტი გამოავლინეს.