2024 წლის მარტის შემდეგ ჩვენი ქვეყანა მოლოდინით ცხოვრობდა – ლუქსემბურგისა და საბერძნეთის დამარცხების შემდეგ თითქოს რაღაც დიდმა იმედმა გაიღვიძა და ყველა ერთი მიზნის გარშემო გავერთიანდით – ღირსეულად წარგვედგინა ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე. “წარგვედგინა” იმიტომ, რომ ეს არ იყო მხოლოდ მოედანზე გასვლისა და კარგი თამაშის გამოცდა, ეს ფეხბურთელებისა და ქომაგების ერთიანი, ერთი დიდი ბრძოლა იყო.
ჯგუფიდან გასული და ესპანეთთან ღირსეულად დამარცხებული ნაკრები სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. ქართველმა ხალხმა მათ საოცარი დახვედრა მოუწყო, ზეიმი კი ფეხბურთელებმა მეგობრების თანხლებით გააგრძელეს. საღამო სავსე იყო მხიარულებით, სიმღერით, გართობითა და ცეკვით.
სოციალურ ქსელში ბოლო დღეებია, ვირუსულად ვრცელდება ქართველი ფეხბურთელების ფოტოები, ვიდეოები თუ ამბები მათი ცხოვრების შესახებ. გამონაკლისი არც გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე, ელენე ეპიტაშვილი არიან. დღეს სწორედ უმშვენიერესი ელენეს შესახებ მოგიყვებით.
ელენე ეპიტაშვილი ფართო საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც გიორგი მამარდაშვილმა მას ერთი წლის წინ ხელი სთხოვა. ხელის თხოვნის ცერემონია მოკრძალებული და სადა იყო, თუმცა წყვილმა მაინც შეძლო საზოგადოების ალაპარაკება.
ელენე ეპიტაშვილი თავის პროფესიაში საჯაროდ გამოჩენამდეც წარმატებული იყო. ის მოდელია, უფრო ხშირად მონაწილეობას ფოტო- და ვიდეოგადაღებებში იღებს და მასთან არაერთი ცნობილი ბრენდიც თანამშრომლობს, მაგალითად, DISSH, MICAS, PEPPERMAYO, COMMENSE, L E X I, LÉ SALTY LABEL, OPTIMIST, More Beauty • მეტი სილამაზე, MARKS AND SPENCER, GEPHERINI და სხვ.
ელენე პიტაშვილი წლების მანძილზე თანამშრომლობდა სამოდელო სააგენტო IC Model Management-თან და მათ გვერდზე მშვენიერი მოდელის არაერთ კადრსაც შეხვდებით.
განსაკუთრებული იყო ელენეს გამოჩენა ქართველი მუსიკოსის, ნოდიკო ტატიშვილის კლიპში “სიყვარულის გემი”.
ელენე ეპიტაშვილს რომ გიორგი მამარდაშვილის წარმატებაშიც მიუძღვის წვლილი, ამაზე ფეხბურთელმაც არაერთხელ ისაუბრა: “შეყვარებული ვარ… ელენე არის ჩემი აღმოჩენა. რთულ პერიოდში სულ გვერდში მიდგას და სულ მამხნევებს.
სიყვარული ძალიან დიდი ძალაა. ზოგი ადამიანი სწორედ ამისთვის ცოცხლობს, რომ ვინმე უყვარდეს. ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს. სავარაუდოდ, თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს.
მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება, ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით. ხანდახან გავდივართ კიდეც”, – ამბობდა გიორგი.
სულ ცოტა ხნის წინ ელენე ეპიტაშვილს მეგობრებმა წინასაქორწინო წვეულება მოუწყვეს. წყვილს ჯერ არ გაუმხელია, როდის იქნება ქორწილი, თუმცა არაერთ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ ცერემონია საქართველოში გაიმართება.