ბიუჯეტის შემოსავალი ლუდის აქციზიდან 24 მილიონ ლარამდე გაიზარდა

2024 წლის პირველ 5 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტმა ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული ლუდის აქციზიდან 24 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2023 წელთან შედარებით 5%-ით მეტია.
საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ლუდის აქციზი მასში ალკოჰოლის შემცველობაზე არის მიბმული, კერძოდ ლუდში ალკოჰოლის თითოეული პროცენტი 12 თეთრით იბეგრება, შესაბამისად იქიდან გამომდინარე რომ ლუდის ალკოჰოლის საშუალო შემცველობა 5%-ია, ლიტრ ლუდზე აქციზის განაკვეთი 60 თეთრს უდრის.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ქვეყანაში რეალიზებული ლუდის უდიდესი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისაა, შესაბამისად მიღებული სააქციზო შემოსავლები ასე ნაწილდება:
ადგილობრივი წარმოების ლუდზე – 21.2 მილიონი ლარის აქციზი;
იმპორტირებულ ლუდზე – 3 მილიონი ლარის აქციზი.
2024 წლის პირველ 5 თვეში საქართველოში მოხმარებული ლუდის მთლიანმა მოცულობამ 35 მილიონი ლიტრი შეადგინა.