საფრანგეთსა და საქართველოს მთავრობას შორის ენერგეტიკის სექტორში პარტნიორობა გრძელდება

საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, ქალბატონმა შერაზ გასრიმ, მისმა კოლეგა გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა, გერმანიის ეკონომიკის, თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ, ევროკავშირმა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KfW) და საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) საქართველოს მთავრობასთან მრავალწლიანი რეფორმის პროგრამის „მწვანე გარდაქმნა საქართველოსთვის“ შესახებ ინტერესის შეთანხმებას 24 ნოემბერს მოაწერეს ხელი.
საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ის „საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამას“ გააგრძელებს, რომელიც AFD-მ, ევროკავშირმა და KfW-მ 2018-2023 წლებში განახორციელეს, 641 მილიონი ევროს ოდენობით, ევროკავშირის მიერ ტექნიკური დახმარებისთვის გამოყოფილი 8.5 მილიონი ევროს გრანტთან ერთად.
„პირველმა პროგრამამ ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული ძირითადი კანონმდებლობის გაძლიერებაში და ელექტროენერგიის ბაზრის გახსნის მიმართულებით გადამწყვეტი როლი ითამაშა, რაც საქართველოს მთავრობის მკაფიო მიზნად უნდა დარჩეს.
ახალი პოლიტიკის რეფორმის დღის წესრიგი რამდენიმე სფეროს მოიცავს, რომელიც ფოკუსირებულია „მწვანე გარდაქმნის“ საკითხებზე. კერძოდ, განახლებადი ენერგია, მწვანე წყალბადი, ნახშირბადის ტარიფის დაწესება, ჭკვიანი მობილობა, დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი ფინანსები. ეს არის პოლიტიკაზე ორიენტირებული დაკრედიტების მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც, საქართველო ევროკავშირის დირექტივების წარმატებით განხორციელების სანაცვლოდ შეღავათიანი საბიუჯეტო დაფინანსებით სარგებლობს, რომლის ვალდებულებაც მან აიღო და რომელიც მეტად დააახლოებს ქვეყანას ევროპულ სტანდარტებთან.
მასში ჩართულია უფრო მეტი ქართული სტრუქტურა: ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) და საქართველოს ეროვნული ბანკი.
2023 წლის 8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ რეკომენდაცია გამოაქვეყნა. ახალი რეფორმის პროგრამა კონკრეტული მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმატებით განხორციელდეს ევროკავშირის პოლიტიკასთან შემდგომი თანხვედრა. გარდა ამისა, ეს არის მკაფიო ნიშანი საქართველოს მთავრობის ვალდებულებისა, გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.