არჩილ თალაკვაძე – ამდენი თვის კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ, საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ნიკა მელია ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს

ამდენი თვის კინკლაობის და ჩხუბის შემდეგ, საბოლოოდ გაარკვიეს, რომ ირიცხება, თუმცა პარტიაში ირიცხება თუ პარტიიდან, ჯერ კიდევ ვერ გაარკვიეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს.
„როგორც ჩანს, (მელიას საკითხი) იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის ბოლო ფაზის საკითხი. ამაზე მიდის მთავარი დებატი, მსჯელობა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მაშინ, როცა ქვეყანას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანები და ჩვენი საზოგადოება პოლიტიკოსებისგან ელოდება საქმეს და რეაგირებას იმ საკითხებზე, შესაძლებლობებზე, რომელიც დღეს არის საქართველოს ინტერესებში. „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკურ ოფსაიდში და არის დაშლის საბოლოო ფაზაში. რაც დათესეს, იმას იმკიან. არ ჰყავთ მომავლის ლიდერი, არ აქვთ მომავლის ხედვა და შიგნით მიმდინარეობს ძალაუფლების და იმ პოლიტიკური მემკვიდრეობის გადანაწილება, რომელიც დაატოვებინეს და წაართვეს მიხეილ სააკაშვილს. თავის მხრივ, სააკაშვილიც ყველანაირად ცდილობს პარტიაში იყოს დაპირისპირება და კინკლაობა, რომ ამით პატიმრობიდან დაამტკიცოს, რომ მის გარდა მხსნელი, ლიდერი და შემაკავშირებელი სხვა არავინ არის. ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს არის ერთი კაცის პარტია, იმართება არადემოკრატიულად და იმართება ანტიევროპული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტისაზოგადოებრივი ხასიათით. დღეს ეს ყველაზე კარგად ჩანს. ყველაფერი რაც ხდებოდა შიგნით, სააშკარაოზე გამოვიდა,“ – განაცხადა თალაკვაძემ.