უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიანიშნებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკუაგდო მისი შეთავაზება რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ამჟამინდელი ფრონტის ხაზების გაყინვას ითვალისწინებს.
ორბიანი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ორმხრივი მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა ვოლოდიმირ ზელენსკის დათანხმებოდა ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, რამდენადაც მისი რწმენით ეს დააჩქარებდა მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებს.
უნგრეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის უკრაინისგან ამ ინიციატივის მხარდაჭერას დაჟინებით არ ითხოვს და ესმის კიევის არგუმენტაციაც.
როგორც „უკრაინკასია პრავდა“ წერს, მოგვიანებით პრო-კრემლისტური გამოცემის ჟურნალისტმა, რომელიც კიევში უნგრეთის დელეგაციასთან ერთად ჩავიდა, ორბანთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც უნგრეთის პრემიერი ადასტურებს, რომ ზელენსკიმ მის შეთავაზებაზე უარი თქვა.
უკრაინის პრეზიდენტმა ეჭვი შეიტანა ორბანის გეგმის ლოგიკაში და მხარი არ დაუჭირა მას, რამდენადაც უკრაინას წარსულშიც ჰქონია რუსეთთან წარუმატებელი მოლაპარაკების მცდელობები.