თიკა ჯამბურია შვილთან ერთად ყოფილი ქმრის, ბექა ხოფერიას ქორწილში იმყოფებოდა. ქორწილი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე გაიმართა. ბექა ხოფერიას რჩეული სოფო ქურდიანია. წყვილს ერთი ვაჟი ჰყავს.
დღეს უკვე ბიზნესმენი ბექა ხოფერია წლების წინ საზოგადოებამ ჯერ როგორც პოლიტიკოს ხათუნას ხოფერიას ვაჟი, მოგვიანებით კი, როგორც მომღერალ თიკა ჯამბურიას მეუღლე, ისე გაიცნო. თიკა და ბექა ჯერ კიდევ საერთო შვილის, ნინას დაბადებამდე დაშორდნენ ერთმანეთს. ეს ამბავი წლების განმავლობაში ყვითელი პრესისა და გადაცემების საყვარელი თემა იყო.
რამდენიმე წელში ბექა ხოფერია მეორედ დაქორწინდა და მისი რჩეული ინა ოსიპოვა გახდა. ერთმანეთი მოსკოვში გაიცნეს, მაშინ ბექა ამბობდა, რომ იპოვა ის ადამიანი, ვისაც ეძებდა. ინას და ბექას ორი გოგონა შეეძინათ, თუმცა მედიაში ორი წლის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ ერთმანეთს ისინიც დაშორდნენ.
ბექა ხოფერია დღეს უკვე ცნობილი ბიზნესმენია. 2019 წელს სამშენებლო კომპანია “აპარტ დეველოპმენტი“ დააფუძნა. რაც შეეხება სოფო ქურდიანს, ის კომპანია Showroom Georgia-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.
მომღერალ თიკა ჯამბურიას ფართო საზოგადოება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცნობს, როცა მის მიერ შესრულებული სიმღერა ჰიტად იქცა. მას შემდეგ თიკას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი მუდმივად არსებობდა და მომღერლის გათხოვების შესახებ არაერთი ჭორიც დადიოდა.
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი. წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა, თუმცა დღეს ბედნიერი და სრულფასოვანი ცხოვრება აქვს და ყოფილი მეუღლის ოჯახთან, მათ შორის, ყოფილ დედამთილთან, ხათუნა ხოფერიასთანაც მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებს.
თიკას მიერ ბოლოს გამოქვეყნებული კადრები კიდევ ერთხელ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როცა ის შვილთან და მეგობრებთან ერთად ყოფილი ქმრის ქორწილში იმყოფებოდა. ვიდეომ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, თუმცა თიკა და ბექა კარგი მეგობრები არიან და თიკამ საღამოს გალამაზებაშიც მიიღო მონაწილეობა – ქორწილში ცნობილი ჰიტები შეასრულა.