არც ერთი რგოლი გამართული არაა, ევროდირექტივები რომ დანერგილი იყოს, არც სატვირთოს დაგორება მოხდებოდა და ბევრ სხვა შემთხვევასაც ავიცილებდით – დავით მესხიშვილი
ვინაა პასუხისმგებელი სატვირთო ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებაზე, კონტროლის რა მექანიზმები არსებობს ამ მხრივ და რამდენად ხარისხიანად ხდება მათი აღსრულება. სატვირთო ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების სტანდარტებზე, გზებზე უბედური შემთხვევების მიზეზებსა და უსაფრთხო საგზაო სისტემისთვის საჭირო ღონისძიებებზე „კომერსანტთან“ „გრინლაით კონსალტინგის“ დამფუძნებელმა დავით მესხიშვილმა ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ თბილისში სატვირთო დაგორდა, რამაც 15 წლის მოზარდი იმსხვერპლა. რამდენად უსაფრთხოა სატვირთო ავტოტრანსპორტი, რომელიც ქვეყანაში გადაადგილდება?
დავით მესხიშვილი, „გრინლაით კონსალტინგის” დამფუძნებელი: სატვირთო ავტოტრანსპორტი იყოფა 2 კატეგორიად – 12 ტონამდე ტვირთამწეობის და 12 ტონის ზევით. ტრანსპორტმა, რომელსაც 12 ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვს, მისი წარმოებიდან 1 წლის შემდეგ, ყოველწლიური ინსპექტირება უნდა გაიაროს (მხოლოდ პირველ წელს არ მოწმდება). თუ 12 ტონამდე ტვირთი გადააქვს და თუ ახალია ეს ტრანსპორტი, წარმოებიდან 4 წელი არ მოწმდება და შემდეგ – ყოველწლიურად. ზოგადად, ტექნიკურად გამართული ტრანსპორტი შეიძლება უსაფრთხო არ იყოს. შეიძლება გაიაროს ტექინსპექტირება, მაგრამ ის უსაფრთხო მაინც არ იყოს იმიტომ, რომ ზომაზე მეტი ტვირთი გადაქონდეს.
ვინაა პასუხისმგებელი სატვირთო ავტოტრანსპორტი უსაფრთხოებაზე, კონტროლის რა მექანიზმები არსებობს ამ მხრივ და რამდენად ხარისხიანად ხდება მათი აღსრულება?
აქ მივადექით ერთ მთავარ პრობლემას. ეს არის ევროდირექტივა, რომლის მიხედვითაც მიმდინარეობს ტექინსპექტირების რეფორმა და ეს ევროდირექტივა – გზისპირა ინსპექტირება ბოლომდე დანერგილი არაა. ეს უკანასკნელი უნდა შეეხოს კომერციულ ავტოტრანსპორტს და განსაკუთრებით სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს. დღეს ეს სისტემა მოშლილია. წესით, ძველი სისტემით თუ ვიმსჯელებთ, მათი კონტროლი შსს-ს კომპეტენციაა, მაგრამ ახალი სტანდარტი გვეუბნება, რომ გზისპირა ინსპექტირება უნდა დაინერგოს, პოლიცია ან სხვა სტრუქტურა ვისაც დაევალება სატვირთო ავტოტრანსპორტის კონტროლი, უნდა იყოს აღჭურვილი თანამედროვე ტექნიკით, რომლითაც მოხდება უსაფრთხოების სტანდარტების შემოწმება. დღეს ეს არ ხდება. ამიტომაც, სატვირთო ტრანსპორტი გზაზე არ არის უსაფრთხო, მიუხედავად იმისა, მას ტექინსპექტირება გავლილი აქვს, თუ არა.
გამოსავალს რაში ხედავთ?
გამოსავალი არის ხელის გულზე. ახალი ველოსიპედის მოფიქრებაც არაა საჭირო. გამოსავალი წერია ევროდირექტივებში და ასოცირების ხელშეკრულებაში, რომლის შესრულების ვალდებულება გვაქვს აღებული 2014 წელს. ეს ევროდირექტივები რომ დანერგილი იყოს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი შემთხვევა არ მოხდებოდა. არც იმ სატვირთო ავტოტრანსპორტის დაგორება მოხდებოდა, რომელიც კატასტროფით დასრულდა და ბევრ სხვა შემთხვევასაც ავიცილებდით იმიტომ, რომ ის ევროდირექტივები ნიშნავს იმას, რომ ტექინსპექტირების გარეშე ავტომობილი ვერ მოხვდება გზაზე; ის ნიშნავს იმას, რომ სატვირთო ტრანსპორტის შემთხვევაში, ტვირთის ზომა იქნებოდა დასაშვებ ზღვარში; თუ რომელიმე ავტომობილის უსაფრთხოების სტანდარტი არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ ნორმებს, გზისპირა ინსპექტირებაზე ეს გამოვლინდებოდა და აღკვეთილი იქნებოდა გადაადგილება. ყველაფერი მდგომარეობს თანამედროვე სტანდარტების დადგენაში. განვითარდა ტექნოლოგიები. თუმცა, ჩვენთან პირიქით, გაუარესდა სტანდარტები. აქ მთავარი გამოსავალი არის ის, რომ უნდა ინერგებოდეს ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, ევროდირექტივები და ამ დანერგვაზე მონიტორინგი ჰქონდეს სახელმწიფოს. არც ერთი ეს რგოლი გამართული არ არის და, სამწუხაროდ, გასაკვირი არ არის, როდესაც ფატალური შემთხვევის შესახებ ვიგებთ. უსაფრთხო საგზაო სისტემა მთლიანად საქართველოს სახელმწიფოს, შესაბამისი სტრუქტურების და საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა. ეს მარტო იმისთვის კი არ გვჭირდება, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. ეს პირველ რიგში ჩვენი ხალხის უსაფრთხოებისთვის გვჭირდება.