სუს-ში აცხადებენ, რომ ლილუაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი -ში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სუს-ში განუცხადეს.
თუმცა უწყებაში არაფერს ამბობენ იმის შესახებ, არის თუ არა გრიგოლ ლილუაშვილი ის მაღალი რანგის ძალოვანი, რომელიც ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში „შიკრიკად“ გააგზავნა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართულიც ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს „პერსონალურ შიკრიკად“ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი ფიგურა ჰყავდა გაგზავნილი, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გუშინ, 30 ივნისს, გაავრცელა.
„ახლაც მორიგი შიკრიკი, ფოსტალიონი ჰყავდათ გაგზავნილი, საკმაოდ მაღალი დონის, და სხვა დროსაც გაიგებთ ამას, რა დონისაა. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს გაგზავნილი საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის პერსონალურ შიკრიკად და სჯობდა, რომ არ გაეგზავნა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც ნეტგაზეთს სუს-ში განუცხადეს, გრიგოლ ლილუაშვილი აშშ-ში 12 ივნისის შემდეგ ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. თუმცა, რას მოიცავდა გრიგოლ ლილუაშვილის ოფიციალური ვიზიტი, უცნობია. ამის შესახებ ინფორმაცია არც უწყებას გაუვრცელებია მანამ, სანამ გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ მედია არ დაინტერესდა იმით, თუ ვის გულისხმობდა ექსპრემიერი, როდესაც ივანიშვილის „პერსონალურ შიკრიკზე“ საუბრობდა.
გრიგოლ ლილუაშვილი კი 12 ივნისს, მას შემდეგ, რაც აშშ-მა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სავიზო სანქციები დააწესა, აცხადებდა, რომ თავად სავიზო შეზღუდვაზე ინფორმაცია არ მიუღია.
„რა გავაკეთო. უახლოეს ხანებში თავისუფლად რომ ვიმოგზაურო აშშ-ში, დადებითი პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით, ამომწურავი იქნება ფაქტი? წინასწარ რა დაგიდასტუროთ? – არც შეტყობინება მიმიღია და ვიზაც პასპორტში მაქვს და როგორ გითხრათ? სიზმარი არ დამსიზმრებია, შემიშვებენ თუ არა.
თუ არ შემიშვებენ, ძალიან ცუდი ტონი იქნება, ჩვენი პარტნიორული ურთიერთობები არ ითვალისწინებს მსგავს მიდგომას, თუმცა ამას არ ველოდებით, პირიქით, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. თანამშრომლობა კი არ გაგრძელდება, არამედ გაღრმავდება და სხვა ეტაპზე გადავა“, – განაცხადა 12 ივნისს გრიგოლ ლილუაშვილმა.