„ოცნების“ თანადამფუძნებელი მერის მოადგილეს ცემის მცდელობაში ადანაშაულებს – სკანდალი ზუგდიდში

ლევან ჯავახიშვილი
ქალბატომ ლალი ანთიას საზოგადოება იცნობს, როგორც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან მებრძოლ უშიშარ ქალბატონს. მაშინ, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბევრი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, ლალი ანთია იმ ხელისუფლების მანკიერებებს და დანაშაულებრივ ქმედებებს ამხელდა და უპირისპირდებოდა არა მხოლოდ მშობლიური ზუგდიდისა და სამეგრელოს მასშტაბით, არამედ სრულიად საქართველოში. „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ლალია ანთია პარტია „ქართული ოცნების“ თანადამფუძნებელი და აქტიური წევრია. ქალბატონი ლალი „ალიასთან“ აცხადებს, რომ მას დაპირისპირება მოუვიდა ზუგდიდის მერის მოადგილესთან, მაიზერ ნანავასთან, რომელმაც მისი, 74 წლის შეზღუდული უნარების მქონე ქალბატონის ფიზიკურ შეურაცხყოფა სცადა. ამ დროისთვის, მას ნანავას წინააღმდეგ პროკურატურაში საჩივარი აქვს შეტანილი. ყველაფერი კი ლალი ანთიას „ფეისბუკ–პოსტის“ გამო მოხდა. მომხდარის შესახებ დეტალურად „ალიას“ თავას ლალი ანთიას ესაუბრება:
– ზუგდიდის მერის პირველ მოადგილესთან, კოსტა კაკავასთან მივედი მერიაში. დილით დარეკილი მქონდა და კოსტა კაკავამ მითხრა, სტუმრები მყავს, მაგრამ მაინც მოდი, ვეცდები, მიგიღოო. იმ დღეს მოქალაქეთა მიღების დღე იყო მერიაში. წავედი და ერთი ჩემი მეგობარი დამხვდა, ის სხვა საქმეზე იყო მოსული, მაგრამ პირველ სართულზე ერთად შევედით შეზღუდული შესაძლებლობების პირთათვის განკუთვნილ ოთახში. ჩემნაირებს, ვისაც მაღლა ასვლა არ შეგვიძლია ან გვიჭირს, ამ ოთახში გხვდება მერი, მერის მოადგილე და მერიის სხვა თანამშრომლები. ველოდები კაკავას და ამ დროს ოთახში შემომივარდა მერის მესამე მოადგილე, მაიზერ ნანავა. მისი მეუღლე მუშაობდა ბიბლიოთეკაში რამდენიმე წელი. გადაუყვანიათ ბოტანიკურ ბაღში. გაუხსნიათ აიპ–ი სპეცილურად და ხელფასი აქვს 3 ათას ლარამდე. რა აიპ–ია, ვერ დავადგინე. ეს ინფორმაცია „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე დავდე, ზუგდიდის მერის ერთ–ერთი მოადგილის ცოლისთვის სპეციალურად გაუხსნიათ აიპ–ი, მის დირექტორად დაუნიშნავთ და 3 ათას ლარამდე ხელფასი დაუნიშნავთ–მეთქი. პოსტში არც მაიზერ ნანავას გვარ–სახელი და არც მისი ცოლისა არ მქონდა ნახსენები. მოკლედ, ამ პოსტის გამო იყო გამწარებული მაიზერ ნანავა, მოულოდნელად შემომივარდა მერიაში იმ ოთახში, სადაც ვიყავი და მითხრა, ჩემი ცოლისგან რა გინდაო. მე ვუთხარი, შენი ცოლისგან არაფერი მინდა, გარდა იმისა, რომ ბევრს 300 ლარი არ აქვს შემოსავალი და შენს ცოლს, მხოლოდ იმიტომ რომ შენი ცოლია, 3 ათას ლარამდე აქვს ხელფასი–მეთქი. ისიც ვუთხარი, რომ 2012 წელს ხალხი იმისთვის არ იბრძოდა, რომ მხოლოდ ერთეულები დასაქმებულიყვნენ და მათ, მათ ოჯახის წევრებს ჰქონდეთ მაღალი ხელფასი და სხვები მშივრები იყვნენ–მეთქი. მაიზერ ნანავა იმ მომენტში იყო შეურაცხადი. ჩემი მეგობრი, დარეჯან თაკალანძე, ჩემი ნათლული ეკა ხარგელია და სოფელ ცაიშის რწმუნებული რომ არა, ტვინს მიმასხმევინებდა. ცხადია, მერიის დაცვაც ჩაერია საქმეში და ბოლოს ყველა ერთად აკავებდა ნანავას… ნაწყენი იყო, ჩემს ოჯახს, ოჯახურ სიწმინდეს შეეხეო. არადა, არანაირად მის ოჯახს ცუდად არ შევხებივარ, მხოლოდ ცოლის მაღალი ხელფასი ვახსენე, რომელსაც, ჩემი აზრით, დაუმსახურებლად იღებს. იმ ბოტანიკურ ბაღში ბევრი ჰყავთ შეყრილი, ვინც სჭირდებათ. აქვე ვიტყვი, რომ შშმ პირის სტატუსი არ მაქვს, რადგან ეს სტატუსი რომ ავიღო, მაშინა საკობრივ პენსიას მომიხსნიან, რომელის შშმ პირის პენსიაზე მაღალია. თუმცა, ყველა ხედავს, გადადგილება მიჭირს, ხელჯოხით დავდივარ, ყველამ იცის, სახსრების ქრონიკული ანთება მაქვს, შვიდჯერ გავიკეთე მენჯ–ბარძაყის ოპერაცია. კიდევ იშემია და შაქრიანი დიაბეტი მჭირს.
– პრუკურატურაში კონკრეტულად რას უჩივით?
– მე ნანავას არც დაჭერა მინდა და არც სხვა ცუდი მემეტება მისთვის. რაც იქ მოხდა, ეს იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. რომ მომწვდომოდა და ვერ დაეკავებინათ, სასიკვდილოდ მიმეტებდა. მე, ყავარჯნიან, 74 წლის ქალს მისთვის წინააღმდეგობის გაწევის თავი სად მქონდა. დატოვოს ნანავამ თანამდებობა, გეუბნებით, ეგ კაცი შეურაცხადია. მერე, ქმარი მერის მოადგილე, ცოლი აიპ–ის დირექტორი, ეს უკვე ნეპოტიზმია, ესეც დანაშაულია. ახლა ხმებს ავრცელებს ნანავა, ლალი ანთიამ ყავარჯენი ჩამარტყაო. ოთახში რომ შემომივარდა ყვირილით, ყავარჯენი მოვუქნიე, მაგრამ წამართვეს. მე რა ვიცოდი, იქნებ იარაღი ედო ჯიბეში, იქნებ მკლავდა. მერე ნანავა გახდა შეუძლოდ, შუნტირება მაქვს გაკეთებულიო, თავად თქვა. რა ვიცი, ცუდად გახდა თუ თავი მოიმკვდარუნა, ესეც საკითხავია. იმ ოთახის შესასვლელთან, ოთახშიც კამერებია დაყენებული, მათ შორის, ხმოვანი კამერები და ადგნენ, ამოიღონ და ნახონ, რა და როგორ მოხდა. ვიმეორებ, ციხეში არავის ჩავსვამ, საციხე ნანავას არაფერი დაუშავებია, მაგრამ ჩემი ცემის მცდელობა იყო და ამაზე უნდა აგოს პასუხი.მოქალაქეთა მიღება იყო იმ დღეს, ოთხშაბათს, 19 ივნისს. ბევრი ხალხი იყო, 40–50 კაცი მაინც და ყველამ ნახა, ნანავა ჩემზე როგორ იწევდა. მის ყვირილზე მოგროვდა იქ ხალხი, ჩემს ცოლს და ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენეო, ყვიროდა. წესით, ეგ მეორე დღესვე უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან და აღარც მე შევიტანდი საჩივარს პროკურატურაში. არ დამავიწყდეს და, დავურეკე საპატრულო პოლიციის რეგიონული სამსახურის უფროსს, კაკო ხასაიას, რომ რამე არ დამბრალებოდა. მოვიდა კაკო ხასაია, სიმშვიდისკენ მოგვიწოდა ორივეს, აშოშმინბდა მაიზერ ნანავას, მეც მითხრა, დაწყნარდიო. მაიზერ ნანავას ასეთ საქციელს, მას ასეთ ფორმაში ვერ წარმოვიდგენდი. წლებია ვიცნობ. საკაშვილის ხელისუფლებას ებრძოდა და ცოტა არ გაუკეთებია მის მოსაცილებლად, ამას ვერ უარვყოფ. თანამდებობამ უყო ეს. ახლა მითხრეს, ზოგ მოქალაქეს ჭიქა ესროლაო, ზოგს სხვა სახის შეურაცხყოფა მიაყენაო. უნდა გადადგეს პოსტიდან, ამით თავი გადაირჩინოს, არ ვაპატიებ ამ საქციელს.
არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, რომ „ქართულ ოცნებას“ ვუპირისპირდები. 1999 წლიდნ ვებრძოდი მიშა საკაშვილს. 2012 წლიდან ვარ ამ პარტიაში, ვრჩები მისი ერთგული, ყველა არჩევნებში ვეხმარებოდი, „კარდაკარის“ პროგრამაშიც ვარ. ოთხჯერ იყო ზუგდიდში და ოთხჯერვე მე დავხვდი. იმაზე მეშლება ნერვები, რომ ამ კოაბიტაციამ ბევრი ისეთი ადამიანი დააწინაურა, 2012 წელს ბიძინა ივნიშვილის პლაკატებს რომ ხევდნენ და ტყვიას ესროდნენ. ისევ „ნაცებით“ გაავსეს სახელმწიფო სტრუქტურები.მერიაში, მის სიპ–ებსა და აიპებ–ში 2700 კაცია დასაქმებული და ნახევარზე მეტი „ნაცი“, ვინც იბრძოდა „ნაცების“ წინააღმდეგ, მათი უმეტესობა უმუშევარია–პატრიოტი, კვალიფიციური, კომპეტენტური ხალხი.
„ალია“ კომენტარისთვის მაიზერ ნანავას დაუკავშირდა.
– ქალბატონ ლალი ანთიაზე არ გამიწევია, ეს მტკნარი სიცრუეა. მე მას უბრალოდ ვუთხარი, თუ რატომ მლანღავს და რა უნდა ჩემგან, მეტი არაფერი. ამ ხნის ქალს შეურაცხყოფას არ მივაყენებდი, აქეთ მაყენებდა შეურაცხყოფას. თვითონ მითხრა ლალი ანთიამ, ჩემი შვილი დაასაქმე ისე, რომ სამსახურში არ იაროს და 1000 ლარი ხელფასი მიეცითო. ეგრე როგორ შეიძლება, დაასაქმო, სამსახურში არ იაროს და ხელფასი აიღოს, ბიუჯეტის ფულია. თან თანხასაც ამბობს, რომ ეს თანხა მომეცითო.
– ეგ პირადად გითხრათ?
– კი, ბატონო.ეს მითხრა მაშინ, როდესაც ლალი ანთიას თქმით, მე მასზე გავიწიე. სალანძღავი სიტყვაც კი არ მითქვამს და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობაზე, რასაც მაბრალებს, ლაპარაკიც აბსურდია, ამ ასაკის ქალბატონს მაგას როგორ შევკადრებდი? მოწმეები არიან ამის, 50 წლის კაცი ამას არ ვიკადრებდი.
– ქალბატონი ლალი ამბობს, რომ თქვენი მეუღლე ბოტანიკურ ბაღში გადაიყვანეს სამუშაოდ, მას სპეციალურად გაუხსნეს აიპ–ი.
– ვის გაუხსნეს, ბატონო ჩემო, რა აიპ–ი გაუსხნეს?! ბოტანიკური ბაღის აიპ–ი არსებობს წლებია და ახლა როგორ გახსნიდნენ? ბოტანიკური ბაღის მართვის ცენტრი არსებობს წლებია. დამატებით მეორე აიპ–ი გახსნეს? ჩემი მეუღლე მუშაობდა ბიბლიოთეკების მართვის ცენტრში განყოფილების გამგედ. მერე, ბოტანიკურ ბაღში გათავისუფლდა ადგილი, ერთ–ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, გურამ ჩიხლაძე, ერთი წლის წინ წავიდა ამერიკაში, ემიგრაციაში და გაჩნდა ვაკანსია. ერთი წელი ვაკანტური იყო ეს პოზიცია და ამ ვაკანტურ პოზიციაზე, ბოტანიკურ ბაღში გადაიყვანეს ჩემი მეუღლე. იქაც განყოფილების გამგე იყო და ბოტანიკურ ბაღშიც განყოფილების გამგეა. მოკლედ, არც სპეციალური აიპ–ი გაუხსნია ჩემი მეუღლისთვის ვინმეს და არც ბოტანიკურ ბაღში შეუქმნიათ მისთვის სპეციალური შტატი. მის სამსხურის შეცვლასთან არანაირი კავშირი არ გამაჩნია. ეს ცილისწამება და აბსურდი რომ არის, ეს არის გულს რომ მტკენს.ვნერვიულობ, რადგან ამდენი ცილისწამება როგორ იქნება. ყველამ იცის, ვინ ვინ არის. ამით დავასრულებ.
ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღზე „ალია“ არაერთხელ წერდა, მათ შორის, ეყრდნობოდა „ფლანგვის დერექტორის“ მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ ფაქტებს.