ლუის დელა ფუენტე: საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა და გამარჯვების მოპოვება რთული იქნება

30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ისაუბრა:
„გამარჯვების მოპოვება ძალიან რთული იქნება. მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მათ ხომ პორტუგალიას მოუგეს. ეს გუნდი ძალიან გაიზარდა. ჩვენი სტილი ლამაზად თამაშია და შეცვლას არ ვაპირებთ.
ბოლო ორ მატჩში საქართველოს ნაკრებთან გატანილი 10 გოლი? ეს უკვე სულ სხვა ტურნირია. ქართველებთან ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ისინი სწრაფად გადადიან კონტრშეტევაზე და რამდენიმე გოლი გაიტანეს. ამით არიან გამორჩეულები. მაქსიმალური ყურადღება გვჭირდება. ჩვენთვის
ბურთის ფლობა საკვანძო იქნება. აგრეთვე სტანდარტულებზე სახიფათონი არიან. ყველაფერზე ყურადღების მიქცევა გვმართებს.
შვეიცარიამ იტალია გამოაგდო, ამიტომ ფავორიტობაზე საუბარს უნდა მოვერიდოთ და ქართველების დასამარცხებლად ჩვენს საუკეთესოო დონეზე ვიყოთ. საქართველოსთან 7:1 მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი კლასი და ერთიანობა დავამტკიცეთ. მაშინ იამალის დებიუტი შედგა.
26 ფანტასტიკური მოთამაშე მყავს, მაგრამ სასტარტოში საუკეთესოებს დავაყენებ. თუ ვინმე მეორე ყვითელ ბარათს მიიღებს, პრობლემა არ გვექნება, რამეთუ მათი შემცვლელები გვყავს.
საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს 2015 წლიდან ვიცნობ. არ მგონია, რომ უხეშად ითამაშებენ, ვინაიდან აქცენტს ხარისხიან ფეხბურთზე აკეთებენ. სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია. მამარდაშვილმა თქვა, რომ „კვარა“ მთელ ესპანეთზე უკეთესია? მან თანაგუნდელზე ასე უნდა ილაპარაკოს, რომ მას საუკეთესოდ მიიჩნევს. „კვარა“ ტოპია. მეც ვთვლი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან“.