საქართველოში ვატიკანის ახალ ელჩად ცისის ტიტულარული არქიეპისკოპოსი, ანტე იოზიჩი დაინიშნა. ამის შესახებ საქართველოში წმინდა საყდრის სადესპანო კომუნიკეს ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება დღეს, 28 ივნისს გამოცხადდა.
„(რედ. – ანტე იოზიჩი) წმიდა საყდრის დიპლომატიურ სამსახურში შევიდა 1999 წლის 1 ივლისს და მსახურობდა წმიდა საყდრის სადესპანოებში ინდოეთსა და რუსეთის ფედერაციაში, აგრეთვე და ჰონგ-კონგის სასწავლო მისიაში. 2019 წლის 2 თებერვალს დაინიშნა წმიდა საყდრის დესპანად კოტ დ’ივუარში და ცისის ტიტულარულ არქიეპისკოპოსად. 2019 წლის 1 მაისს გადაყვანილ იქნა სახელმწიფო სამდივნოს ზოგად საქმეთა განყოფილებაში წმიდა საყდრის თადარიგის დესპანად. 2020 წლის 21 მაისს დაინიშნა წმიდა საყდრის დესპანად ბელარუსში.
საუბრობს იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, გერმანულ, რუსულ, ჩინურ და პოლონურ ენებზე“. – წერია კომუნიკეში.
აქამდე, წმინდა საყდრის დესპანი საქართველოში ჟოზე აველინო ბეტანკური იყო, რომელმაც კავკასიის რეგიონი 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს დატოვა.