თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობის უფლების დაშვებას ითვალისწინებს, გარდა სამთვლიანი მოპედისა.
ამის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ქვეყანაში საუკეთესო პრაქტიკაა.
„ჩვენ შევისწავლეთ რამდენიმე ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკა და ვნახეთ, რომ მოტოციკლებს და მოპედებს, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, აქვთ უფლება იმოძრაონ საავტობუსო ზოლებში. ასეთი პრაქტიკაა დიდ ბრიტანეთში, ესპანეთის სხვადასხვა ქალაქებში და ა.შ.
მოტოციკლებისა და მოპედების საავტობუსო ზოლებში მოძრაობის დაშვების ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ საავტობუსო ზოლში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობით საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივდება მათი დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე მოვამზადეთ შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საავტობუსო ზოლებში მოტოციკლებისა და მოპედების მოძრაობას, (გარდა სამთვლიანი მოპედისა) მხოლოდ თბილისის საკრებულოს მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში და შესაბამისი პირობებით.
ჩვენ ამ კანონპროექტს მივაწოდებთ საქართველოს პარლამენტს და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაიზიარებენ ამ ინიციატივას და დაუჭერენ მხარს. პარლამენტის მიერ კანონების მიღების შემდეგ კი დედაქალაქის საკრებულოს წარვუდგენთ შესაბამის წესსა და პირობებს, თუ როგორ, რა დაშვებებითა და რა შეზღუდვებით შეეძლებათ მოტოციკლებისა და მოპედებს საავტობუსო ზოლში მოძრაობა. სხვა დანარჩენზე ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით როდიდან იქნება მისი ამოქმედება შესაძლებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.