ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.
ევროკავშირის ლიდერებმა, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკომისიის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნულ თანამდებობაზე მეორე, ხუთწლიანი ვადით წარადგინეს.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კანდიდატად დაასახელეს, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა კი ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელად აირჩიეს. ანტონიო კოსტა ბელგიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შარლ მიშელს ჩაანაცვლებს. კაია კალასი კი – ჯოზეფ ბორელის თანამდებობას დაიკავებს.
სამივე კანდიდატი ცენტრისტული, ევროკავშირის მომხრე ფრაქციებიდანაა, კერძოდ, ურსულა ფონ დერ ლეიენი მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიიდან (EPP), ანტონიო კოსტა „სოციალისტია“, კაია კალასი კი – ლიბერალი.
ევროპარლამენტმა კანდიდატებს კენჭი მომავალ თვეში უნდა უყაროს.