საქართველოს ბანკი, როგორც მოწინავე ტექნოლოგიური კომპანია რეგიონში, ინოვაციების გავრცელებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებში ჩართვასა და გამოცდილების გაზიარებას განაგრძობს. ახლახან, საქართველოს ბანკის IT დირექტორმა, ვაჟა მანტუამ, ტაშკენტში AWS-ის (Amazon Web Services) აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეებს საქართველოს ბანკის მიღწევები მთავარი სცენიდან გაუზიარა.
AWS-ის აღმასრულებელი რგოლის შეხვედრაზე, სახელწოდებით „ლიდერობის ახალი ეპოქა – აღმოაჩინე, წარმოიდგინე და მიაღწიე წარმატებას“ ბიზნეს ლიდერებმა და ინოვატორებმა მიიღეს მონაწილეობა. ექსკლუზიურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე დისკუსია გაიმართა სწრაფად განვითარებად ინოვაციებზე, როგორიცაა GenAI, High-performance computing, მანქანური დასწავლის მეთოდები და სხვა მიღწევები, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას, სამუშაო მეთოდებს და საზოგადოებრივ ფუნქციებს ცვლიან. მთავარი სცენის გარდა, AWS-ის შეხვედრაზე სივრცე დაეთმო ლიდერების სესიებს, რომელთა ფარგლებში მონაწილეებმა სიღრმისეულად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ინოვაციები, ტალანტები და კულტურა, მდგრადობა და უკანასკნელი ტექნოლოგიური ტენდენციები.
საქართველოს ბანკის IT დირექტორი მთავარ გამომსვლელებს შორის იყო და მან შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ის პროცესები, რომლებიც ფინანსურ ინსტიტუტში ღრუბლოვანი სისტემების ტრანსფორმაციის კუთხით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ AWS ქლაუდ-სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელია მსოფლიოში. საქართველოს ბანკი კი უკვე არაერთი წელია, AWS-თან თანამშრომლობს და მისი მხარდაჭერით, არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ რეგიონის მასშტაბით უნიკალურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტებს ნერგავს.
„მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მქონდა, მონაწილეობა მიმეღო AWS-ის უმაღლესი დონის შეხვედრაზე, სადაც როგორც მასპინძელი ორგანიზაციის, ისე სხვა დიდი ბიზნესებისა და ტექნოლოგიური კომპანიების ლიდერები ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილებას უზიარებდნენ. ღონისძიებაზე განვიხილე საქართველოს ბანკის მიერ დანერგილი ცვლილება, რაც ღრუბლოვანი სისტემების მიმართულებით ტრანსფორმაციას გულისხმობს. შეხვედრის მონაწილეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს ჩვენი მიღწევებისადმი, ამასთან, დადებითად შეაფასეს ბანკის ძალისხმევა, დანერგოს უახლესი ტექნოლოგიები და ინოვაციები, რომლებიც, საბოლოოდ, საუკეთესო სამომხმარებლო გამოცდილებაში ითარგმნება და ადამიანებს საკუთარი პოტენციალის ათვისებაში ეხმარება“, – აღნიშნა ვაჟა მანტუამ.
საქართველოს ბანკი აგრძელებს ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას, მათ შორის ქლაუდ-ტექნოლოგიაზე მიგრაციის სტრატეგიის განხორციელებას.