გალელი აბიტურიენტების რთული არჩევანი

არ გვსურს განათლების მიღება მტრის ენაზე – რატომ ირჩევენ გალელი აბიტურიენტები თბილისის უმაღლეს სასწავლებლებს?
გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსწავლეები, სკოლის დასრულების შემდეგ, დილემის წინაშე დგებიან – ჩააბარონ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში თუ სწავლა სწავლა სოხუმში ან სულაც – რუსეთში გააგრძელონ.
ამ არჩევანის უკან მუდმივი აგიტაციებია – ერთ მხარეს არიან მშობლები, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში სურთ მათი შვილების ქართული მომავალი, მეორე მხარეს კი დგას სისტემა, რომელიც გამუდმებით ამკაცრებს რუსიფიკაციის პოლიტიკას.
ამის მიუხედავად გალის რაიონში მცხოვრები მოსწავლეების დიდი ნაწილი მაინც თბილისს ირჩევს სწავლის შემდგომი გაგრძელების დანიშნულების ადგილად.
16 წლის ნ.ს. გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში სწავლობს. ამჟამად ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება, დადის რეპეტიტორთან გალში და ფიქრობს, რომ ამაში ძალიან გაუმართლა, რადგან ძნელია ყოველ კვირა მასწავლებლებთან ზუგდიდში სიარული.
“ეროვნულებისთვის მზადების პროცესში ბევრი სირთულე შემხვედრია, როგორც ყველა გალელ აბიტურიენტს, რადგან ჩვენ არ ვსწავლობდით სრულფასოვნად ქართულ ენას, საქართველოს ისტორიაზე წარმოდგენაც არ გვაქვს და ა.შ. განათლებას სკოლაში ოკუპანტების ენაზე ვიღებ, რომლის შემოტანამაც ყველას აგვირია გზა-კვალი, მოგვიწია ყველაფრის სწავლა რუსულად. ეს ძალიან ძნელი იყო, როგორც აბიტურიენტებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის. მიუხედავად ამდენი სირთულისა და მცდელობისა, რომ ჩვენთვის უნდა დაევიწყებინათ მშიბლიური ენა, ჩვენ ამას არ შევეგუეთ, ჩვენი ქართველი მასწავლებლებლები არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩვენ რუსულად გვესაუბრა და ქართული დაგვიწყებოდა”.
წელს, ჯერჯერობით არ სმენია ერთიანი ეროვნული გამოცდების წინ საზღვრის ჩაკეტვაზე, თუმცა ვარაუდობს, რომ “ისინი [რუსი და აფხაზი მესაზღვრეები] ისე მოიქცევიან, როგორც სჩვევიათ”.
“გალში ისევ საუბრობენ იმაზე, რომ წელსაც უგამოცდოდ ჩარიცხავენ აბიტურიენტებს. ეს ინფორმაცია დაახლოებით ზამთარში გავიგეთ, მაგრამ ზუსტად მაინც არავინ იცოდა”.
მისი გადმოსახედიდან უგამოცდოდ ჩარიცხვა, ერთის მხრივ, კარგია, რადგან გალელ მოსწავლეებს სირთულეების მიუხედავად, სასურველ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობა ეძლევათ. შემდეგ კი ვინ და როგორ გააგრძელებს სწავლას, მისი თქმით, სულ სხვა საკითხია – “ვისაც სწავლა სურს – სწავლობს, ვისაც არა – არა”.
“ვაბარებ თბილისში, რადგან აქ შევძლებ ჩემს მშობლიურ ენაზე სწავლა-განათლებას, ვიქნები ქართველების გარემოცვაში. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ამ თემასთან დკვშირებით, მამაჩემი ბავშვებოდან მიყვებოდა ამბებს ოკუპაციაზე, თუ რამდენი რამ დაგვიშავეს. ასევე მეუბნებოდა, რომ მე რუსეთში და სოხუმში სწავლა არ უნდა გამეგრძელებინა. სიმართლე ვთქვა, მეც არასდროს მქონია სურვილი იქ მესწავლა. მიხარია, რომ ჩემს სამშობლოში მშობლიურ ენაზე გავაგრძელებ სწავლას, მიუხედავად ბევრი დაბრკოლებისა”.
16 წლის მ.ნ. ასევე აბიტურიენტის გალის რაიონიდან, რომელიც განსხვავებით ნ.ს.-სგან, რეპეტიტორთან ქალაქ ზუგდიდში ემზადება.
“ეროვნულებისთვის მზადება პირადად ჩემთვის ძალიან ძნელი პროცესია. ყოველ კვირას მიწევს ვიარო სხვა ქალაქში, საზღვარს იქით, რომ მივიღო განათლება, რომლის მიღებასაც ვერ ვახერხებთ ს ტერიტორიაზე რუსული სწავლების გამო”.
ქართულად მეტყველების პრობლემა არ აქვს, რადგან ოჯახში და სამეგობრო წრეში ძირითადად ქართულად საუბრობს, თუმცა, მისი თქმით, მის გარემოცვაშიც და მეტწილად ქალაქის სკოლებში, არიან ბავშვები, რომლებიც საერთოდ ვერ ან არ მეტყველებენ მშობლიურ ენაზე. მისი თქმით, აფხაზი მასწავლებლის ზემოქმედების გამო მათ მიაჩნიათ, რომ მათი მშობლიური ენა რუსულია და არა ქართული.
“ეროვნულებისთვის საზღვრის ჩაკეტვის შესახებ, ჯერჯერობით, არაფერი მსმენია და იმედია არც გავიგებ. ამასთან დაკავშირებით არა მგონია პრობლემები შეგვიქმნან, რადგან იციან, რომელ მხარეს ვირჩევთ ჩვენ. აქვთ პრეტენზიები, თუმცა არჩევანი ჩვენზეა, რასაც წინ ვერავინ აღუდგება. წელსაც არის საუბარი უგამოცდოდ ჩარიცხვაზე, ამ ინფორმაციამ კი ჩვენამდე დაახლოებით ორი თვის წინ მოაღწია”.
მოსწავლე უგამოცდოდ ჩარიცხვის საკითხს არ ემხრობა, რადგან მისი აზრით, რადგან აბსოლუტურად ყველას ჩარიცხვა უმაღლესში – მისიც, ვინც ძალისხმევას ხარჯავდა და ისეთი ადამიანებისაც, ვინც არაფერს აკეთებდა, არასწორია.
“როდესაც ირკვევა, რომ უგამოცდოდ ჩარიცხავენ, აბიტურიენტები რეპეტიტორებთან სიარულს წყვეტენ, რადგან იციან, რომ მათთვის გზა ხსნილია”.
მ.ნ. თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს ჩაბარებას, რადგან, როგორც თავად ამბობს, “არ სურს განათლების მიღება მტრის ენაზე”.
“დიახ, ვცხოვრობ კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომელსაც რუსები “იცავენ”. თუმცა ეს ვერ გადამაფიქრებინებს აქ ცხოვრებას მომავალში. პირიქით, ყველანაირ ძალისხმევას თუ ჩადებს თითოეული ჩვენგანი და ფარ-ხმალს არ დავყრით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მამულს დავიბრუნებთ, არ მივცემთ საშუალებას რუსებს, დაავიწყონ ჩვენს მომდევნო თაობას ქართულად წერა-კითხვა და მეტყველება”.
14 წლის თ.ა. გალის ერთ-ერთი სოფლის სკოლაში სწავლობს. რეპეტიტორებთან სიარული ჯერ არ დაუწყია, თუმცა გეგმავს, რადგან შემდეგ წელს აბიტურიენტი ხდება.
“ზუგდიდში მომიწევს სიარული თავისთავად. რთული იქნება მომზადება, რადგან ქართულს მხოლოდ სასაუბრო დონეზე ვფლობთ, ინტენსიურად სწავლის დაწყება და მომზადება კი თავიდან რთული იქნება, მაგრამ ამას ვერევით”.
ამ პერიოდის მანძილზე, ცხოვრებაც ზუგდიდში მოუწევს, რადგან წინ და უკან ხშირად ვერ ივლის – ესეც დამატებით თანხებთანაა დაკავშირებული.
“სკოლაში რუსულად ვსწავლობ. თავიდან ნამდვილად გამიჭირდება ქართულად მომზადება. ქართული იმდენად კარგად არ ვიცი, რომ მაგალითად, თემა დავწერო ჩემით, მაგრამ მაინც სხვა ბავშვებთან შედარებით, ბევრად უკეთესად ვიცი”.
თ.ა.-ს აზრით, უგამოცდოდ ჩაბარების საშუალება უნდა დარჩეს იქამდე, სანამ გალის სკოლებში არ დაბრუნდება ქართულად სწავლება.
“ყველა შემდეგ თაობას ქართულად მეტყველება და წერა წინაზე მეტად უჭირს, რადგან ქართულს სკოლებიდან გვიქრობენ. შეუძლებელი იქნება შემდეგი თაობებისთვის ქართულად გამოცდების ჩაბარება. უგამოცდოდ ჩაბარების შესაძლებლობა აუცილებელია, სხვანაირად მხოლოდ ერთეულები თუ შეძლებენ ჩაბარებას – ვისაც დიდი ფინანსური რესურსი აქვს”.
სწავლის გაგრძელებას თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს.
“სოხუმში რომ ვისწავლო, ქართული საერთოდ გაქრება ჩემი ცხოვრებიდან. ასევე, სოხუმში მიღებულ განათლებას მომავალში ვერსად და ვერაფერში გამოვიყენებ, სად უნდა ვიმუშავო ან რას უნდა მივაღწიო ცხოვრებაში რუსული განათლებით?”
მისი თქმით, კონტროლირებად ტერიტორიაზე სწავლის გაგრძელების სურვილი არჩევანი არ ყოფილა – “ეს იძულებაა”.
“ოკუპანტი გაიძულებს, რომ გადალახო შეზღუდვების ძალიან დიდი რიგი. არავის არ სჭირდება რუსული განათლება. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რამდენად იზოლირებულია მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილისგან და არავის გვსურს, ამ იზოლაციის ქვეშ არსებობა მთელი ცხოვრების მანძილზე.
ამისთვის საჭიროა, რომ იმ განათლებას, რასაც მივიღებთ, აღიარება ჰქონდეს მსოფლიოში და შევძლოთ ნაწილობრივ მაინც ვიცხოვროთ იმ თავისუფლებების პირობებში, რაშიც რუსეთის მიერ არაოკუპირებილი სამყარო ცხოვრობს”.
აბიტურიენტი ფიქრობს, რომ ე.წ. საზღვარს ეროვნულების წინა პერიოდში აუცილებლად ჩაკეტავენ და აბიტურიენტებს მაქსიმალურად შეუშლიან გადაადგილებაში ხელს.

ასევე დაგაინტერესებთ

PACE-ს წარმომადგენლები – ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ანტიკორუფციული ბიუროს სავალალო გადაწყვეტილების გამო, იძულებულია არჩევნებზე სადამკვირვებლო საქმიანობა დაასრულოს

ბიძინა ივანიშვილი – ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, რათა გაერთიანებული ვიხილოთ ჩვენი სამშობლო და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი მთელი სიმკაცრით გასამართლდეს