26 ივნისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა დონეცკის რაიონის ქალაქ პოკროვსკში, რომლის ხელში ჩაგდებასაც გამუდმებული შეტევებით ცდილობს რუსეთის არმია.
მანამდე, 24 ივნისს, დღის მეორე ნახევარში, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე რამდენიმე საავიაციო და სარაკეტო იერიში განახორციელა. მათ შორის ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკის დაბომბვა, რასაც ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 40-ზე მეტი.
როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, ოთხშაბათს შეხვედრა გამართა დონეცკის რეგიონში დისლოცირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ სვირსკისთან და გაერთიანებული ძალების ახალ მეთაურთან, გენერალ ანდრეი გნატოვთან. ახალი მეთაური იმ დანაყოფების ხელმძღვანელებს გააცნეს, რომლებიც ამჟამად დონბასს იცავენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ გენერალი იური სოდოლი გაათავისუფლა გაერთიანებული ძალების სარდლის პოსტიდან. ამის მიზეზი გახდა სოდოლის მიმართ გამოთქმული კრიტიკა. უკრაინული მედიის ცნობით, 24 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ეროვნული გვარდიის „აზოვის“ ბრიგადის შტაბის უფროსმა ბოგდან კროტევიჩმა სახელმწიფო ბიუროში შეიტანა განცხადება, რომლის თანახმადაც, პირადი შემადგენლობის დიდ დანაკარგთან დაკავშირებით სოდოლის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდა.
ზელენსკი ომის დროს ხშირად ატარებს საინსპექციო გასვლებს ფრონტის ხაზის მახლობლად. კერძოდ, მან არაერთხელ მოინახულა ქალაქი ხარკოვი და ხარკოვის რეგიონი, ხერსონი და ასევე იმყოფებოდა ბახმუტსა და ავდეევკაში, ქალაქებში, რომლებიც შემდგომში რუსმა ჯარებმა დაიპყრეს.
ამჟამად რუსეთის არმიის მოიერიშე ქვედანაყოფები ცდილობენ ხელთ იგდონ დონეცკის ოლქის ქალაქი პოკროვსკი, რომელიც მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. უკრაინელმა სამხედროებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ფრონტზე ყველაზე მძიმე ბრძოლები პოკროვსკის მიმართულებით მიმდინარეობს. რუსეთის ჯარები პოკროვსკისკენ ავდეევკის დასავლეთით მდებარე პოზიციებიდან მიიწევენ და ბოლო თვეებში, ღია წყაროების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ მიმართულებით დაახლოებით 5-10 კილომეტრით წაიწიეს წინ. მაგრამ უკრაინის არმიის მძლავრი თავდაცვის გამო, ქალაქთან უფრო მიახლოებას ვერ ახერხებენ.