„გააღვივებს მტრულ დამოკიდებულებას ლგბტ ადამიანების მიმართ“ — ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებებზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის პრეზიდენტის მოთხოვნის საფუძველზე ვენეციის კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი შეისწავლა, რომელიც ოჯახური ღირებულებების დაცვაზე აპელირებით ლგბტქი+ ადამიანების უფლებებს ლახავს.
დოკუმენტში, ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მაღალი მგრძნობელობის საკითხს ეხება და განგრძობადი მასობრივი პროტესტის პერიოდში იქნა დაინიციირებული, როცა საზოგადოებრივი და პოლიტიკური დაძაბულობა მაღალ ნიშნულზეა. კომისია ასევე ხაზს უსვამს, რომ პროცესი არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო და უგულებელყოფს არაერთი საერთაშორისო დამკვირვებლის შეშფოთებებს.
ვენეციის კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ შესწავლილ იქნას კანონპროექტის შედეგები მის მიღებამდე და გათვალისწინებულ იქნას რელევანტური სექტორების ექსპერტების მოსაზრებები.
კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი ცვლილებების მიღება ატარებს რისკს, რომ გააღვივოს მტრული დამოკიდებულება და სტიგმატიზებული გარემო ლგბტი ადამიანების მიმართ საქართველოში. ვენეციის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაითვალისწინოს აღნიშნული და არ მიიღოს ამგვარი ცვლილებები, თუმცა თუ მაინც გადაწყვეტს ცვლილებების გატარებას, შესწორებები შეიტანოს მასში მათ შორის:
არსებული რედაქცია: „კანონმდებლობით შეიძლება მოწესრიგდეს ქორწინებასთან მიმსგავსებული მხოლოდ იმგვარი ურთიერთობა, რომელიც არანაკლებ 18 წლის ერთი გენეტიკური მამაკაცისა და ერთი გენეტიკური ქალის კავშირს ითვალისწინებს.“
ვენეციის კომისია: შეიცვალოს პროექტის 1.1 პუნქტი იმგვარად, რომ ერთნაირსქესიანი წყვილების საკანონმდებლო დონეზე აღიარება მოხდეს;
ვენეციის კომისია: 1.1 მუხლიდან ამოღებულ იქნას ტერმინი „გენეტიკური“;
არსებული რედაქცია: „არასრულწლოვანის შვილად აყვანა ან მინდობით აღზრდა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად ქორწინებაში მყოფი მეუღლეების ან ჰეტეროსექსუალი პირის მიერ“.
ვენეციის კომისია: შეიცვალოს სიტყვა „ჰეტეროსექსუალი“ ტერმინით „მარტოხელა“ ან „ინდივიდი“;
არსებული რედაქცია: „აკრძალულია ადამიანის სქესის შეცვლასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა“.
ვენეციის კომისია: ამოღებულ იქნას კანონპროექტის 1.3 პუნქტი;
არსებული რედაქცია: „სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემულ დოკუმენტში მიეთითება მხოლოდ მდედრობითი ან მამრობითი სქესი, რომელიც მის გენეტიკურ მონაცემებს შეესაბამება“.
ვენეციის კომისია: ამოღებულ იქნას 1.4 პუნქტის პირველი ფრაზა (გენეტიკურ მონაცემებთან თანხვედრაში) და გაიწეროს ეფექტიანი და დეტალური ნორმები ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილებისთვის.
არსებული რედაქცია: „ბათილია საჯარო ხელისუფლების ან კერძო პირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებას პირდაპირი ან ირიბი ფორმით ზღუდავს“.
ვენეციის კომისია: ამოღებულ იქნას 1.5 პუნქტი, ან შეიცვალოს იმგვარად, რომ არ დაირჭვეს ანტი-დისკრიმინაციული სტანდარტები.
არსებული რედაქცია:
„აკრძალულია იმგვარი შეკრება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
აკრძალულია იმგვარი შინაარსის ნაწარმოების, პროგრამის ან სხვა მასალის გავრცელება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული.
აკრძალულია საჯარო ან კერძო საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო პროცესში იმგვარი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ერთნაირსქესიანი ოჯახური ან ინტიმური ურთიერთობის, ინცესტის, ერთნაირსქესიანი წყვილის ან არაჰეტეროსექსუალი პირის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის, სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის ან სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების არგამოყენების პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.
ვენეციის კომისია: ამოღებულ იქნას ჩანაწერები 1.6; 1.7 და 1.8 და ინცესტი და ეს საკითხი სისხლის სამართლის კოდექსის ფარგლებში დარეგულირდეს.

ასევე დაგაინტერესებთ