ლომისა IX-X საუკუნის უძველესი სალოცავია, ეს არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მლეთის სამხრეთით, 6-7 კილომეტრზე, მდინარეების ქსნისა და არაგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (ახალგორის მუნიციპალიტეტი) მდებარეობს.
სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი.
ლომისობა დუშეთში ყოველ წელს აღდგომიდან მე-7 კვირას, სულთმოფენობის შემდგომ ოთხშაბათს აღინიშნება.
ლეგენდების თანახმად, ლომისა გზოვანის წმინდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და მლეთის მთაზე დამკვიდრებულა. ტაძარში რკინის დიდი საყელურიანი ჯაჭვი ინახება. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან წმინდანს რაიმეს ევედრება, ჯაჭვს კისერზე იდებს და ტაძარს ლოცვით სამგზის შემოუვლის.
ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ლომისის ჯაჭვი ბარიდან კისრით ამოუტანია დიდად ცოდვილ დადიანის ქალს. სხვა ვარიანტით, წმინდა გიორგის სასწაულებრივად უხსნია ერთი ქართველი ტყვე და მასაც მადლობის ნიშნად ჯაჭვი, რომელიც ტყვეობაში კისერზე ედო, ლომისის მთაზე ამოუტანია.
ლომისობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია მსხვერპლშეწირვა. მლოცველები მლეთაზე ყოველთვის ოთხშაბათამდე ადიან, მთავარი რიტუალი სამშაბათს იწყება, როდესაც 12 მოციქულს ხატები, დროშა და ჯვარი გამოაქვს ტაძრიდან. ამის შემდეგ ზარები ირეკება და სოფელს საფიხვნოსთან უხმობს, ზარების ხმა ხელმეორედ 5 საათისთვის ისმის, მლოცველები იწყებენ მსვლელობას ლომისის მთისკენ, მლეთის გავლით. ამ რიტუალების დასრულების შემდეგ, ოთხშაბათს დილას იწყება მსხვერპლშეწირვა ლომისის ტაძრის მიმავალ გზაზე.
მლოცველები ლომისის მთავარმოწამეს შესთხოვდნენ ადამიანისა და საქონლის გამრავლებას, უშვილონი – წილიანობას (შვილიერებას).
2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.