საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ოპოზიციას მოუწოდებს, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში ჩაერთონ.
როგორც მან ევროკავშირთან ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში ჩაერთონ, რომელიც რეფორმებთან მიმართებით არის შექმნილი.
„ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი შემდგომი აქტივობების დღის წესრიგს, თითოეულ რეკომენდაციასთან მიმართებით ჩვენ გვაქვს პოზიციონირება, თუ როგორ ვხედავთ ამ რეკომენდაციის შესრულებას, მოკლე, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. გრძელვადიან პერსპექტივაში იგულისხმება 2024 წლის ბოლომდე. შესაბამისად, ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და გავხსნით დისკუსიას. რაც შეეხება ინკლუზიურობას, კითხვები კი არ უნდა დასვას ოპოზიციამ, უნდა მიიღოს შემოთავაზება, რომელიც არაერთხელ გაკეთებულა მმართველი გუნდის მხრიდან, მიიღონ მონაწილეობა სამუშაო რეჟიმში საპარლამენტო სივრცეში იმ სამუშაო ჯგუფებში, რომელიც შექმნილია რეფორმებთან მიმართებით. თუკი ისინი ამ პროცესში ჩაერთვებიან, ინკლუზიურობა დაცული იქნება“,-განაცხადა დარჩიაშვილმა.