ერთი ნებართვით ონლაინ-კაზინოებს მეორე ვებგვერდის შექმნაც შეეძლებათ – კანონპროექტი

პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრების ინიციატივით საკანონმდებლო ცვლილებები განიხილება, რომელიც ონლაინ სათამაშო ბიზნესს შეეხება. „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი უკვე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ერთი ნებართვით დასაშვებია ორი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდების ორგანიზება, საიდანაც ორი ინტერნეტდომენისა და ვებგვერდის არსებობის შემთხვევაში, ერთი ინტერნეტდომენი და ვებგვერდი გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის, ხოლო მეორე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეებისთვის.
როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტის მიღებით გაიზრდება, ერთი მხრივ, საქართველოში ნებართვის მაძიებელთა რიცხვი, ხოლო მეორე მხრივ – არსებული ნებართვის მფლობელების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებში მონაწილე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე მოთამაშეების რაოდენობა.