„შედეგები კარგია“ – თამარ გაბუნია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მკურნალობაზე

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მედიკამენტ „ვოსორიდიტით“ მკურნალობა გასული წლის ბოლოდან დაიწყო და მასში პაციენტების პირველი ჯგუფი წლის ბოლოს ჩაერთო. ბავშვებს კარგი შედეგები აქვთ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, მკურნალობის პროცესში იყო გვერდითი მოვლენების ერთეული შემთხვევები, რაც კლინიკაში იმართა და ახლა უკვე ქვეყანა გადავიდა დეცენტრალიზებულ მოდელზე. თამარ გაბუნიას განმარტებით, მკურნალობას ბავშვები იაშვილის კლინიკაში იწყებენ, პირველი 90 დღის შემდეგ კი პროცესი ამბულატორიის დონეზე, ბავშვის სახლთან ახლოს გადადის, რადგან ინიექციების გაკეთება ყოველდღიურადაა საჭირო.
„შედეგები კარგია და იმედი გვაქვს, გაამართლებს იმ მოლოდინსა და დიდ ძალისხმევას, რომელიც იქნა გაწეული ამ მედიკამენტის შეძენის დროს,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ ბოლო წლებში 3 მილიონი ლარიდან 30 მილიონ ლარამდე გადაზარდა. გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფო აფინანსებს ახალ მედიკამენტებს, რომელთა შედეგიანობა დადასტურებულია.
მედიკამენტ „ვოსორიტიდით“ აქონდროპლაზიის სამკურნალო პროგრამა, 2023 ნოემბერში ამოქმედდა და მასში, პირველ ეტაპზე, 6 ბენეფიციარი ჩაერთო. ეტაპობრივად მას სხვა ბავშვებიც ემატებიან.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მედიკამენტის დაფინანსების მოთხოვნით აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები სხვადასხვა სახის, მათ შორის ქუჩის აქციებს მართავდნენ.
წყარო: jandacva.ge