პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც, სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში დისტანციურად – ინტერნეტის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ

პარლამენტში ინიცირებულია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები, რომლის მიხედვით, სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში დისტანციურად – ინტერნეტის მეშვეობით მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ.
პროექტი პარლამენტს სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წევრების ხელმოწერით წარედგინა.
მათ მიერ შეთავაზებული მოდელი გულისხმობს ამომრჩევლის წინასწარ რეგისტრაციას სპეციალურ ვებ-პლატფორმაზე და შემდგომ ისევ ამ პლატფორმის გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ამომრჩეველი წინასწარ რეგისტრაციას სმარტფონის, კომპიუტერის, პლანშეტის ან სხვა პერსონალური ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით გადის, რის შემდგომაც პირს დისტანციური ამომრჩევლის სტატუსს ანიჭებს. კენჭისყრის დღეს ეს ამომრჩეველი ვერიფიკაციას გაივლის, შესაბამის ველში სპეციალურად გენერირებულ კოდს შეიყვანს და არჩევანს დააფიქსირებს.
როგორც ინიციატორები განმარტავენ, სხვა სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტურ უმრავლესობას არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს, რადგან სხვა სახელმწიფოში გახსნილი საარჩევნო უბნები სრულად ვერ ფარავენ მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს მოქალაქეთა ადგილსამყოფელს. მათივე ინფორმაციით, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების რაოდენობა საშუალოდ 50-ს შეადგენს, რაც არასაკმარისია იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებში დაუბრკოლებლად მიიღონ მონაწილეობა.
“საქართველოდან საზღვარგარეთ წასული მოქალაქეების გაზრდილი მაჩვენებლების საპირისპიროდ, საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებში მხოლოდ რამდენიმე ათასი ამომრჩეველი მონაწილეობს. საზღვარგარეთ სიების ფორმირება დამოკიდებულია მხოლოდ მოქალაქის მიერ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაზე (2023 წლის მაისის მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს – 61 097 სრულწლოვანი და 1 501 არასრულწლოვანი მოქალაქე დგას), ასევე საზღვარგარეთ რეგისტრირებულ ამომრჩეველზე (2023 წლის სექტემბრის მონაცემებით საზღვარგარეთ რეგისტრირებულია საქართველოს 22 740 სრულწლოვანი და 3 059 არასრულწლოვანი მოქალაქე).
საზღვარგარეთ არსებულ სიებში ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 1,5%-1,8% ხვდება, რაც უკიდურესად დაბალი მაჩვენებელია. შესაბამისად, კანონის მიღმა საქართველოს ასიათასობით მოქალაქე რჩება, რომელსაც ფაქტობრივად, შეზღუდული აქვს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება“, – აღნიშნულია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ქობულია – გახარია სამი თვის წინ დამიკავშირდა და მოლაპარაკებები დავიწყეთ, საარჩევნო სიაში მეორე ან მესამე უნდა ვყოფილიყავი, ჩვენს შორის ნდობა არ შედგა, თემა დახურულია – გუშინ რა სიაც იყო 15-კაციანი, დღეს ვნახე, რომ სულ სხვა იყო