ქორწინება ახლო ნათესავებს შორის – აზერბაიჯანში ამკრძალავ კანონს ამზადებენ

ავტორი: ნიკა მუსავი
ნათესაური ქორწინებები აზერბაიჯანში: რატომ არსებობს და რატომ უნდათ მათი აკრძალვა
აზერბაიჯანში საკანონმდებლო დონეზე ნათესავებს შორის ქორწინების აკრძალვას აპირებენ, კერძოდ კი, ცვლილებები ბიძაშვილებს შორის ქორწინებას შეეხება. შემოთავაზებულია საოჯახო კოდექსის მე-12 მუხლის (“ქორწინების ხელისშემშლელი გარემოებები”) ცვლილება, რომლიც ზღუდავს ქორწინებებს დედმამიშვილების შვილებს შორის, რომელთაც საერთო ბიოლოგიური ბაბუა და (ან) ბებია ჰყავთ. ამ გზით ხელისუფლება აცხადებს, რომ გენეტიკური დაავადებების გავრცელების შემცირებას ცდილობს. თუმცა, ბევრი ექსპერტი და გენდერული აქტივისტი სკეპტიკურად უყურებს შემოთავაზებულ ცვლილებებს.
ნათესაური ქორწინებები, როგორც უნდობლობის აპოგეა
მრავალი სხვა რელიგიის მსგავსად, ისლამი არ კრძალავს ქორწინებას ბიძაშვილებს შორის და ეს ფაქტი არ განიხილება როგორც ინცესტი (როგორც, მაგალითად, მართლმადიდებლურ რელიგიაში). ეს იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანულ საზოგადოებაში არ არსებობს რელიგიური ან კულტურული ტაბუ მსგავსი ქორწინების შესახებ. მაგრამ პრობლემას ქმნის არა ნათესაურ ქორწინებაში შესვლის შესაძლებლობა, არამედ ის, რომ ბევრი აზერბაიჯანელი ბოროტად იყენებს ამ შესაძლებლობას.
ბიძაშვილებს შორის ქორწინების ტრადიცია დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და ზოგადად მუსლიმურ აღმოსავლეთში ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან არსებობს და უპირველეს ყოვლისა, პატრიარქატთან შერწყმულ ტრაიბალიზმთან ასოცირდება.
იმის გამო რომ “გადამთიელებს” არ ენდობოდნენ, საოჯახო კლანები ამჯობინებდნენ “შიდა ქორწინებას” და მიიჩნევდნენ, რომ ეს მათ იმ უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაიცავდა, რომელიც, შესაძლოა “გარედან” მოსულს რძალს ან სიძეს შეეძლო გაეკეთებინა.
გარდა ამისა, მდიდარი ადამიანების შემთხვევაში, ამან შესაძლებელი გახადა ფულის და სხვა მატერიალური სიკეთის ოჯახში შენარჩუნება.
ამის მიუხედავად, მსგავსი ქორწინებები არა მხოლოდ ანგარების მიზნით, არამედ სიყვარულითაც არ იყო იშვიათი მოვლენა. დახურულ პატრიარქალურ საზოგადოებაში მცხოვრები ბიჭებისა და გოგონების სოციალური წრე ხშირად მხოლოდ ბიძაშვილებით შემოიფარგლებოდა და მათ შორის ხშირად იფეთქებდა საკმაოდ გულწრფელი რომანტიკული გრძნობები. ისევ და ისევ, ამაზე ტაბუ არც ყოფილა და არც არსებობს. თუმცა, ტაბუ არ არსებობდა ევროპის ბევრ ქვეყანაში და მე-20 საუკუნის შუა პერიოდამდე, რომანები და ქორწინებები ბიძაშვილებს შორის გავრცელებული იყო, მაგალითად, ინგლისურ არისტოკრატიაში.
დრო შეიცვალა, მაგრამ აზერბაიჯანული საზოგადოება, არსებითად, კვლავ დახურული და პატრიარქალური რჩება. ბევრი მშობელი კვლავ თვლის, რომ მათ აქვთ უფლება და ვალდებულებაც კი, აარჩიონ ქმარი/ცოლი შვილებისთვის. უცხო ადამიანების მიმართ უნდობლობა კი ჯერ კიდევ ისეთივე დიდია. ნათესაური ქორწინებები ამ უნდობლობის აპოგეაა, როდესაც უცხოში მოიაზრება ყველა, ნათესავის გარდა.
თუ ევროპამ, უმეტესწილად, ეს ტრადიცია “გადალახა”, აზერბაიჯანში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 2021 წელს ქვეყანამ შემოიღო წესი, რომლის მიხედვითაც ქორწინების რეგისტრაციის განაცხადში მითითებული უნდა იყოს ნათესაობის ხარისხი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამის წყალობით გაირკვა, რომ რეგისტრირებული ნათესაური ქორწინებების რაოდენობა გაიზარდა – თუ 2021 წელს 2363 იყო, 2022 წელს – 2542.
საწყისშივე აზრსმოკლებული აკრძალვა
შესაძლო დემოგრაფიული შედეგებიდან გამომდინარე ხელისუფლება იძულებული გახდა ჩარეულიყო და პრობლემა რადიკალური ხერხებით მოეგვარებინა: ნათესაური ქორწინება აორმაგებს ბავშვებში გენეტიკური დაავადებების რისკს, რაც ამ ფენომენის მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მთლიანად ერის მომავალ მდგომარეობაზე აისახოს.
მაგრამ, როგორც ჩანს, ცოტას სჯერა ამ კანონის ეფექტურობის. ზოგი კი ამას ხელისუფლების ავტორიტარიზმის კიდევ ერთ გამოვლინებად მიიჩნევს.
“ამ კანონის პოზიტიურ ცვლილებად აღქმა ნიშნავს იმ მიდგომის მხარდაჭერას, როდესაც ნებისმიერი პრობლემის გადაჭრის გზა აკრძალვებითა და შეზღუდვებით არის დანახული”, – ამბობს გენდერული თანასწორობის აქტივისტი გულნარა მეჰტიევა.
მეჰტიევა მიიჩნევს, რომ აუცილებელია არა ნათესაური ქორწინების აკრძალვა, არამედ მისი მიზეზების აღმოფხვრა: პატრიარქატი, მშობლების ჩარევა და რეგიონებში ახალგაზრდების სოციალიზაციის შესაძლებლობების ნაკლებობა.
“და საერთოდ, თუ მთავრობა ასე ძალიან ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე, უკეთესი იქნება მათი მაღალი ხარისხის მედიკამენტებით, ნორმალური გარემოთი და ნოყიერი კვებით უზრუნველყოს. ბოლო წლებში არც ერთი კანონი არ არის მიღებული, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, – პირიქით, მიმართულია მხოლოდ რაღაცის წართმევასა და აკრძალვაზე”.
ანალოგიურ მოსაზრებას იზიარებს აქტივისტი ნარმინ შახმარზადე, რომელიც მიიჩნევს, რომ აკრძალვების მეშვეობით ნათესაური ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა “იგივეა, რაც წყლის მიწოდების შეწყვეტა, დაზიანებული ონკანის გამოცვლის ნაცვლად”.
გენდერული სოციოლოგი სანუბარ ჰეიდაროვა ინიციატივას უფრო ოპტიმისტურად უყურებს. ერთის მხრივ, ის დარწმუნებულია, რომ ეს აკრძალვა არ იქნება დაცული. მხოლოდ იმიტომაც, რომ თითქმის შეუძლებელია მისი ეფექტურობის მონიტორინგი:
“როგორ აპირებენ შესაბამისი ორგანოები იმის დადგენას, არიან თუ არა პატარძალი და სიძე ბიძაშვილები? ნათესაობის ეს ფორმა არსად არის დოკუმენტირებული და მისი დამალვა ადვილია”.
მაგრამ, მეორეს მხრივ, ჰეიდაროვას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მაინც გაჟღერდა:
“მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი პრობლემები ხელისუფლების მიერ გაჟღერდეს, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ხელისუფლება ასეთ რამეებს არ იწონებს. რაც არ უნდა თქვას, ეს გავლენას ახდენს ადამიანებზე და, შესაძლოა, ზოგიერთს მაინც აიძულოს თავის შეკავება ნათესაური ქორწინებისგან”.

ასევე დაგაინტერესებთ