აზერბაიჯანში “კორონავირუსთან დაკავშირებული” შეზღუდვები გრძელდება

აზერბაიჯანში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი პირველ ოქტომბრამდე გაგრძელდება, სახმელეთო საზღვრები კი ყველა მეზობელ ქვეყანასთან დახურული დარჩება.
საკარანტინო რეჟიმის გაგრძელებასთან დაკავშირებულ შესაბამის განკარგულებას ხელი აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა 24 ივნისს მოაწერა.
მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ADA-ს უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე საზღვრების ჩაკეტვა არა მხოლოდ კორონავირუსს, არამედ უსაფრთხოების საკითხებსაც დაუკავშირა .
“სახმელეთო საზღვრის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია კორონავირუსის გამო, ჩვენ ჯერ კიდევ კარანტინის ეტაპზე ვართ, მაგრამ ამავდროულად, სიმართლე გითხრათ, საზღვრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ ამას არ ეფუძნება. ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ჩვენი საზღვრები დაიხურა, აზერბაიჯანში უსაფრთხოება გაძლიერდა. ზოგი რამ საჯაროდ იყო ცნობილი, ზოგიც არა, ჩვენ ვაწყდებოდით სერიოზულ საფრთხეებს და პრობლემებს გარედან” – ციტირებს სააგენტო “Report-ი” პრეზიდენტის მიერ 24 აპრილს ნათქვამ სიტყვებს.
მისი თქმით, საზღვრების ჩაკეტვამ უზარმაზარი სარგებელი მოუტანა აზერბაიჯანის ეროვნულ უსაფრთხოებას.
“ეს არის რეალობა. დიახ, ხალხმა ეს უნდა გაითვალისწინოს. ჩვენ გვესმის, რომ ეს უხერხულობას უქმნის როგორც აზერბაიჯანში მცხოვრებებს, ასევე თავად აზერბაიჯანელებს და მეზობელი ქვეყნებისა და რეგიონების მოქალაქეებს. მაგრამ ეროვნული უსაფრთხოების საკითხები უნდა სჭარბობდეს ყველა სხვა გრძნობასა და მიზეზებს, განსაკუთრებით ისეთ დროს, როდესაც ჩვენს ჩრდილოეთ საზღვარზე ომია, ხოლო სამხრეთის საზღვრებზე კრიზისი. გარდა ამისა, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ, ისე ჩნდება კონფლიქტის ახალი კერები. მგონია, რომ ეს აზერბაიჯანელ ხალხს ესმის”, – აღნიშნა ალიევმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ “სახმელეთო საზღვრის გახსნის საკითხთან დაკავშირებით, სიტუაცია მომწიფებული ჯერ არ არის.”
2023 წლის მარტში აზერბაიჯანის ხელისუფლებამ შეარბილა კოვიდის საწინააღმდეგო შეზღუდვები. კერძოდ, გადაწყდა, რომ ქვეყანაში ჩამოსული თვითმფრინავების მგზავრებისთვის არ მოეთხოვათ კოვიდ-პასპორტები. ასევე შემსუბუქდა შეზღუდვები სავაჭრო ცენტრებში, რესტორნებში, სასტუმროებსა და სადღესასწაულო ღონისძიებებზე. გარდა ამისა, 2023 წლის მარტიდან კოვიდ-პასპორტი არ არის საჭირო სადღესასწაულო ღონისძიებების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების, სავაჭრო ცენტრების, რესტორნებისა და კაფეების, სასტუმროებისა და სხვა ადგილების მოსანახულებლად.
როგორც “კავკაზსკი უზელს” აზერბაიჯანის ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ აიდინ ალიევმა განუცხადა, 2022 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანში კორონავირუსის ეპიდემიამ პრაქტიკულად ნულს მიაღწია.
“ეს იმით არის განპირობებული, რომ ვირუსმა რამდენჯერმე განიცადა მუტაცია, შეწყდა სასიკვდილო და დაავადების მძიმე შემთხვევები, შემდეგ კი იმიტომ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აცრილია. ასევე, ერთმა მილიონმა, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, ათი მილიონიდან სამმა მილიონმა ვირუსი გადაიტანა. დღეის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობას განუვითარდა კოლექტიური იმუნიტეტი კოვიდ 19-ის მიმართ და ეს დაავადება ფაქტობრივად გადაიზარდა სეზონურ გრიპში”, – განაცხადა განაცხადა აიდინ ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ