ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი – პაპუაშვილი აქუბარდიას

ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას.
ეს განცხადება შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თეონა აქუბარდიამ აღნიშნა: „რას ეუბნებით ჯარისკაცებს? ბატონო შალვა, თქვენ რომ იყავით ჯარში წასული სამხედრო მაისურით, ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს, რა გააკეთეთ აქ? გააკეთეთ ის, რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება, ევროკავშირის 33-მილიონიანი დაფინანსება შეიძლება გაიყინოს წელს და გაისად კაცმა არ იცის, რა მოხდება. ამ შემთხვევაში ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იმ ამოცანებს, რასაც შეკავება და თავდაცვა ჰქვია, შეასრულებს თუ არა? ჯარს რას ეტყვით? ამდენი ტყუილები, დეზინფორმაცია, ქვეყნის მტრობა და ღალატი ნორმალური არ არის“.
:
„ქალბატონო თეონა, ბატონ ბორელს ჰყავს პრესსპიკერი, ბატონი სტანო. თქვენც თუ ითავსებთ, თქვენ საქართველოს პარლამენტის წევრი ხართ, არ ხართ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერი და დღეს ოთხი წუთი დახარჯეთ იმაში, რომ საუბრობთ უცხოეთზე. რაც შეეხება დეზინფორმაციას, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, ევროპარლამენტმა რომ იკადრა ოთხ რეზოლუციაში, სადაც სააკაშვილზე საუბრობდა. ხმა ამოიღეთ საერთოდ, საქართველოს წინააღმდეგ ტყუილს რომ ამბობდა ევროკავშირის ერთ-ერთი სტრუქტურა? ევროპარლამენტი ტყუილს რომ ავრცელებდა, თქვენ, საქართველოს მოქალაქემ და პოლიტიკოსმა ხმა ამოიღეთ? არ ამოიღეთ, რადგან თქვენთვის საქართველოს ინტერესი არის ნული, უცხოელებს უყურებთ. ჯარში მყოფ პოლიტიკოსზე ერთადერთი ასოციაცია ზელენსკიზე მოგდით, მანდ ჩანს, ვინ არის თქვენთვის საფიცარი. რა შუაშია თქვენი კომენტარები? ეს აჩვენებს, საერთო ჯამში, დამოკიდებულებას. უსამშობლობა სხვა რამე კი არ არის, ოთხი წუთი საუბრობდა უცხოელი პოლიტიკოსის პრესსპიკერის პოზიციიდან ქალბატონი თეონა და თვითონაც დაადასტურა, მისი პრესსპიკერიც ოფიციალურად ამავეს ამბობსო.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, დეზინფორმაცია ისეთი უნდა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპული სტრუქტურებიდან, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა საქართველოზე – ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც ეწერა ტყუილი. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ რეზოლუციაში სააკაშვილთან დაკავშირებული ჩანაწერი იყო ტყუილი. ის, რასაც ავრცელებდა, მათ შორის, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუნდაც სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როდესაც ამბობდნენ, რომ ის მოწამლეს, ტანჯავენ, აწვალებენ და ა.შ. რასაც ავრცელებდნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რასაც ავრცელებდა ყოფილი სახალხო დამცველი, რომელზეც ევროკავშირის ყოფილი ელჩი ამბობდა, რომ ის ეყრდნობოდა მის დასკვნებს და არა – სახელმწიფოს დასკვნებს სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადასტურა, რომ ყოფილი სახალხო დამცველის დასკვნა იყო სიყალბე. ამ სიყალბეს ეყრდნობოდნენ თურმე ევროპელი პოლიტიკოსები და ევროკავშირის ყოფილი ელჩი საჯარო განცხადებებში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ