საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა

საპროკურორო საბჭოს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კიდევ ორი კანდიდატი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საპროკურორო საბჭო ავრცელებს.
მათი ცნობით, იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე კანდიდატად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარადგინა. ხოლო იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე სულ 3 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.
„იურისტი და ადვოკატი გრიგოლ გაგნიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ – „სამართლის კავშირი“, „სიმართლის რწმენა“, „პოლიტიკის და სამართლის ობსერვერი“, „მართლმსაჯულების და დემოკრატიის განვითარების სააგენტო“, „ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია“, „თანადგომა ხელმოკლე და მოწყვლადი ფენებისათვის“ წარმოადგინა.
იურისტმა და ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ საპროკურორო საბჭოს საკუთარი კანდიდატურა პირადად წარუდგინა.
ამ ეტაპზე სულ 3 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.
საბჭოსთვის წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge/ აიტვირთება”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს. არჩეულ კანდიდატს, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, საპროკურორო საბჭო შესაბამისი დასაბუთებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, რომელიც საქართველოს გენერალურ პროკურორს უმრავლესობით აირჩევს.
“პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო სარგებლობს მაღალი ავტორიტეტით და რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და იმავდროულად არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
ერთთვიანი კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.
გენერალური პროკურორობის კანდიდატებს, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე კენჭი ცალ-ცალკე ეყრებათ. არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს, რომელიც უმრავლესობით ირჩევს საქართველოს გენერალურ პროკურორს.
კონსულტაციები და გენერალური პროკურორობის კანდიდატების წარდგენა 2024 წლის 27 ივნისის ჩათვლით გრძელდება.
საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატს მეხუთედ შეარჩევს.
ამ ფორმატით პირველი არჩევნები 2015 წელს გაიმართა”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.