ქალზე ძალადობა, მუქარა, ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა — რა მუხლებით წარუდგინეს ბრალი კაბუს

მსახიობსა და რეპერს, კაბუს, იგივე კახა აბუაშვილს, პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა. სახელმწიფო ბრალდება მას ქალზე ძალადობას, მუქარასა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვას ედავება.
გამოძიების ვერსიით, კაბუმ ავტომანქანით გადაადგილებისას, მასთან მყოფ ქალს ფეხში დანის ტარი ჩაარტყა, ასევე, რამდენჯერმე გაარტყა ხელი. პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ის ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით ემუქრებოდა ქალს, ასევე გახსნილი დანა ორჯერ მოუქნია დასარტყამად.
უწყების ცნობით, შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე მოხდა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შენობის მიმდებარედ, ქალმა პოლიციის მანქანა დაინახა, კარი გააღო და პოლიციას დასახმარებლად დაუძახა. პოლიცია მათ მანქანას აედევნა და კაბუ ადგილზე დააკავეს.
მანქანის ჩხრეკისას პოლიციამ კაბუს მანქანაში ნარკოტიკები აღმოაჩინა — ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული 1,28 გრამ ალფა-პვპ.
კაბუს ადვოკატის, დავით სანაძის ინფორმაციით, ის ძალადობის ჩადენას უარყოფს.
” … რაც შეეხება ბატონი კახას პოზიციას, მასთან მხოლოდ ერთხელ ვიმყოფებოდი, გუშინ, ვიზიტით და ის აცხადებს, რომ მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია”, – განაცხადა სანაძემ მედიასთან საუბრისას.
ადვოკატის ინფორმაციით, აღკვეთის ღონისძიების სხდომა დღესვე გაიმართება. პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, დაცვის მხარე კი აპირებს შუამდგომლობის დაყენებას მისი გათავისუფლების მოთხოვნით.