გერმანიაში შუმახერის ოჯახის შანტაჟში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

გერმანიაში მიხაელ შუმახერის ოჯახის შანტაჟში ეჭვმიტანილი 2 პირი დააკავეს.
დაკავებულია 53 წლის კაცი და მისი 30 წლის ვაჟი. ორივეს დაკავების მომენტში პირობითი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
პროკურატურის თქმით, დაკავებულებმა შუმახერის ოჯახს შეატყობინეს, რომ ფორმულა 1-ის ყოფილ მძღოლზე ისეთი კომპრომატები აქვთ, რომელთა ნახვა “ოჯახს არ მოუნდება”. სანაცვლოდ მამა-შვილი რამდენიმე მილიონ ევროს ითხოვდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს დიდი ჯარიმა ან 5-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
2013 წლის დეკემბერში შუმახერმა თხილამურებით სრიალისას ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ზუსტი დეტალები უცნობია. ოჯახის წევრების თქმით, მას საკუთარი ძალებით გადაადგილება და გარშემომყოფებთან კომუნიკაცია არ შეუძლია.