საუბარი იქნება მაღალჩინოსნებისთვის შენგენის ვიზაზე შეზღუდვების შესახებ – ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ თქვა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, სხვა ზომებთან ერთად, ქართველი მაღალჩინოსნებისთვის შენგენის ვიზაზე შეზღუდვების დაწესებას განიხილავენ.
ამის შესახებ ცაჰკნამ 24 ივნისს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ისაა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი აღარ იქნება, თუ ეს მთავრობა ამ ქცევას არ შეცვლის და უცხოურ აგენტებზე კანონს არ გაიწვევს, ეს ნათელია.
თუმცა, არის სხვადასხვა ზომების სიაც, რომელიც კომისიამ გაამზადა. იქნება დისკუსია საქართველოსთვის სხვადასხვა დაფინანსებების მხარდაჭერაზე, იქნება დისკუსია მაღალჩინოსნებისთვის შენგენის ვიზის შეზღუდვების შესახებ და სხვა მრავალ ასპექტზე”. – თქვა ცაჰკნამ.
ცაჰკნას თქმით, საქართველოს ახლანდელ ვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში ვიზიტის დროს დაინახეს, რომ ქართველი ხალხი, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ევროკავშირის გზას უჭერს მხარს.
“საქართველოსთვის ვითარება სერიოზულადაა და ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას აკისრია, რადგან ქართველი ხალხი ევროკავშირის გზას მხარს უჭერს. ჩვენ იქ ვიყავით ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, დაახლოებით ერთ თვეზე ოდნავ მეტი ხნის წინ”. – თქვა ცაჰკნამ.
ს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელი ზომები უნდა მიიღოს.
“ვხედავთ, რაც მოხდება – ამაზე ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ზომები უნდა მივიღოთ და ამაზე მკაფიოები უნდა ვიყოთ”. – თქვა ცაჰკნამ.
24 ივნისს ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ. დღის განსახილველ საკითხთა სიაშია საქართველოში მიმდინარე მოვლენებიც.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრამდე ჟურნალისტებთან საქართველოს საკითხის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა იგივე პოლიტიკას აგრძელებს და ამის გამო, საქართველოსთვის ევროკავშირის ღია კარი დაიხურება.
ბორელმა დააზუსტა, რომ 24 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრაზე რაიმე ტიპის საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებენ და ეს შეხვედრა საორიენტაციო დებატებს დაეთმობა. როგორც ცნობილია, ბორელი მინისტრებს წარუდგენს დოკუმენტს იმ შესაძლო შემზღუდველი ზომების შესახებ, რომლის მიღებაც ევროკავშირს შეუძლია მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში.