„ბოლო 2 თვეა, ბიზნესსექტორი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისგან თავს იკავებს“

ბოლო 2 თვის მონაცემებით, ბიზნესსექტორი ახალი ვაკანსიების გამოცხადებისგან თავს იკავებს და შრომის ბაზარზე შენელება ფიქსირდება. ასეთია როგორც დარგის ექსპერტების, ასევე, დასაქმების პორტალების წარმომადგენლების შეფასება.
როგორც HR.GE-ის რეგიონალური მენეჯერი ინგა შახბაზიანი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მათ ვებგვერდზე მაისის თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვაკანსიების 8%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც საკმაოდ უჩვეულო ფაქტია.
„როგორც წესი, მაისის თვე, ვაკანსიების კუთხით, საკმაოდ აქტიურია ხოლმე. თუმცა, წელს სააღდგომო პერიოდი, ასევე არასტაბილური პოლიტიკური ვითარება დაემთხვა, რამაც მაისში ვაკანსიების ვარდნა განაპირობა. მაისთან შედარებით, ივნისი შედარებით აქტიურად დაიწყო, თუმცა წლიურ ჭრილში, აქაც ვარდნა ფიქსირდება, ჯერჯერობით, 4-5%-იანი“, – აღნიშნავს ინგა შახბაზიანი.
HR.GE-ის რეგიონალური მენეჯერი ივნისის თვეში ვაკანსიების შემცირება სეზონურობით ხსნის. „ზაფხული, როგორც წესი, შრომის ბაზარზე, პასიური პერიოდია ხოლმე. თუმცა, ველოდებით რომ აგვისტოს ბოლო კვირიდან ვაკანსიების რაოდენობა კვლავ გაიზრდება და წლიურ ჭრილში, ისევე როგორც გასულ წლებში, 2024 წელსაც კვლავ ზრდის მაჩვენებლები გვექნება. რაც შეეხება მიმდინარე პერიოდში ყველაზე აქტიურ ვაკანსიებს, ყველაზე დიდი რაოდენობით, ვაკანსიები ტრადიციულად სავაჭრო და მომსახურების სფეროში, ასევე საფინანსო სექტორში ცხადდება. მზარდია მოთხოვნა აიტი სპეციალისტებზე და საბანკო სფეროს წარმომადგენლებზეც“, – განმარტავს HR.GE-ის რეგიონალური მენეჯერი.
რაც შეეხება ანაზღაურებებს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, თითქმის 227 ლარით გაიზარდა, რაც 13 პროცენტიანი ზრდაა და 1943 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობითვე, საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საფინანსო და სადაზღვევო სექტორი, ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ასევე მშენებლობა.
ის, რომ ხელფასები 2024 წლის პირველ კვარტალში გაზრდილია ადასტურებენ დარგის ექსპერტები და თავად, დასაქმების პორტალებიც.
„საშუალო ხელფასის ზრდა, სავარაუდოდ, მაღალ პოზიციებზე ანაზღაურებების მატებამ გამოიწვია. ჩვენს პორტალზე გამოქვეყნებული ვაკანსიებიდან ჩანს, რომ ხელფასები ძირითადად მენეჯერულ პოზიციებზე გაიზარდა, დამწყებ პოზიციებზე კი ანაზღაურების მატება არ შეინიშნება“, – აცხადებს ინგა შახბაზიანი.
დასაქმების პორტალები ხელფასების ზრდას ქვეყანაში არსებულ საკადრო დეფიციტს უკავშირებენ, რადგან სასურველი კანდიდატის მოსაზიდად, კომპანიებს ანაზღაურების მატება უწევთ. თუმცა, დარგის ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ ეს პროცესი ნელ-ნელა შენელდება და ქვეყანაში ანაზღაურების ზრდა წელს არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც გასულ 2023 წელს იყო.
bp.ge