თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი, ევროპის საბჭოში ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის გენერალურ მდივანთან მეთიუ მორისთან და საერთაშორისო თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელ მარიტე მორასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან მდებარე დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში იმყოფებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსა და საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაციის წევრები, საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებულ ვითარებას და ამ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ადგილზე გაეცნენ.
„საქართველოს ევროსაბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი მეთიუ მორი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში სტუმრობისას, მეთიუ მორმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის შესახებ მიიღო ინფორმაცია.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიასთან ევროსაბჭოს კონგრესისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხი განვიხილეთ“,- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციისთვის, გენერალური მდივანი მეთიუ მორი, ევროსაბჭოს კონგრესის პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ დახურვას დაესწრება, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიმართება.