მედია: ვილები სკოლების ნაცვლად, როგორ უცვლიან მიწებს დანიშნულებას და ჩაატარეს თუ არა მაქინაციები იუსტიციის სამინისტროში? (ვიდეო) 

ვილები სკოლების ნაცვლად, როგორ უცვლიან მიწებს დანიშნულებას და ჩაატარეს თუ არა მაქინაციები იუსტიციის სამინისტროში?

“შაბათის ეთერმა” აღმოაჩინა, რომ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა, მინიმუმ სამჯერ ერთი და იმავე სკოლის მშენებლობის პროექტით მიწისთვის სტატუსის შეცვლაზე თანხმობა განაცხადა. საბოლოოდ, სკოლა არსად აუშენებიათ, ყველგან ან კერძო სახლი დგას, ან ახლა შენდება.

ასეთი მიწის მესაკუთრეა, იუსტიციის სამინისტროს საჯარო  რეესტრის ლოჯისტიკისა და შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი არჩილ ოგბაიძეა. მისი მეუღლე,  ნუცა კანტიძეც საჯარო რეესტრში მუშაობს, ის იურისტია. “შაბათის ეთერის” მიერ მოპოვებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსანმა და მისმა მეუღლემ მათ სახელზე გაფორმებულ მიწის ნაკვეთებს სტატუსი გამოგონილი მიზეზით და ერთი და იმავე მოტივით შეუცვალეს. შემდეგ მიწები ან სარფიანად გაყიდეს, ან თავად აიშენეს სახლები.

აღმოჩენილია დოკუმენტები, რომელიც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ იუსტიციის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები უფლება მოსილების სავარაუდოდ ბოროტად იყენებენ. მიწებს სავარაუდოდ წინასწარ მოფიქრებული სქემით სტატუსს უცვლიან, მის ღირებულებას ზრდიან და შემდეგ ყიდიან.

“შაბათის ეთერმა” მოიპოვა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები – დოკუმენტების მიხედვით, ნუცა კანტიძის ნაკვეთი, რომელსაც დანიშნულება შეუცვალა, 57 500 დოლარად იყიდა, მაგრამ მიწაზე, სადაც სკოლა უნდა აეშენებინა, სახლი ააშენა და ის 310 000 დოლარად გაყიდა.

“შაბათის ეთერისთვის” მიწოდებული ინფორმაციით, ეს ერთადერთი შემთხვევა არ არის – ანალოგიური სქემით, რეესტრის თანამშრომელმა მიწას სტატუსი ცრუ მოტივით შეაცვლევინა და იმავე ქუჩაზე 57 000 დოლარად ნაყიდი ქონება 310 000 დოლარად გაყიდა. აქაც სკოლა უნდა აშენებულიყო, თუმცა კერძო სახლი დგას.

მიწისთვის დანიშნულების შეცვლა კომისიის გზით ხდება, რომელშიც 5 წევრი შედის. “შაბათის ეთერი” დაინტერესდა, რატომ ვერ შეამჩნია 5-დან თუნდაც ერთმა წევრმა, რომ კომისიაზე ერთი და იგივე პროექტი წარუდგინეს, რომ თითქოს მიწისთვის სტატუსის შეცვლა სკოლის ასაშენებლად სჭირდებოდათ. სტატუს შეცვლილ მიწაზე კი ფეშენებელური სახლები ჩადგეს.

“შაბათის ეთერმა” დაადგინა, რომ რეესტრის თანამშრომლებს, რომლებსაც მათ სახელზე რეგისტრირებულ ქონებებს სტატუსი შეუცვალეს და რამდენიმე დღეში გაყიდეს, ახლო კავშირი აქვთ მათივე ხელმძღვანელ პირთან. არჩილ ოგბაიძისა და ნუცა კანტიძის მეჯვარე, მათი უფროსი საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროსის მოადგილე, ვახტანგ ბოხაშვილია. წყარო “შაბათის ეთერს” უყვება, რომ სწორედ ბოხაშვილი ლობირებს ცოლ-ქმრის ბიზნესს.

ასევე დაგაინტერესებთ