არავის ვემშვიდობები, სად მივდივართ? ევროპაში! – საქართველოს ელჩი სლოვენიაში გადადგა

საქართველოს ელჩი სლოვენიაში, ირაკლი კოპლატაძე თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. დიპლომატის თქმით, მისთვის პრივილეგიაა, რომ მისი საქმიანობის მთავარ მიზანს ევროინტეგრაცია წარმოადგენდა.
“ევროპაში საქართველოს დიპლომატიურ მისიებში 18-წლიანი უწყვეტი საქმიანობის შემდეგ დღეს უკვე ფორმალურად დავუბრუნე ჩემი და ირინეს დიპლომატიური პასპორტები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ჩემთვის განსაკუთრებული პრივილეგიაა, რომ საუკუნის თითქმის მეხუთედის მანძილზე და მანამდეც, ხუთივე პრეზიდენტის სახელმწიფო სამსახურში და მანამდეც, ჩემი დროის სტუდენტობის თაობის ეროვნულ მოძრაობაშიც და მანამდეც, ოჯახიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საუკეთესო ინტერესებისადმი მსახურება გახდა ჩემი საქმიანობის მთავარი საგანი”. – წერს კოპლატაძე.
დიპლომატი პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამსახურში კვლავ იქნება და “არავის ემშვიდობება”.
“მე არავის ვემშვიდობები, კვლავ შევხვდებით საქართველოს სამსახურში! სად მივდივართ? ევროპაში!”. – წერს კოპლატაძე.
კოპლატაძემ პოსტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე განვლილი მნიშვნელოვანი ნიშნულები გამოკვეთა, მათ შორის, 2023 წლის დეკემბერს კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოპოვებაც.
გარდა ამისა, კოპლატაძე თავის კოლეგებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა, მისი “პედაგოგების, შემდგომში კოლეგების და უფროსი მეგობრების”, გელა ჩარკვიანის, ალექსანდრე რონდელისა და ლევან ალექსიძის ხსოვნას პატივი მიაგო და მადლიერებით გაიხსენა თავისი ყოფილი სტუდენტები, რომლებიც “დღეს ცნობილი პროფესიონალები, სამოქალაქო აქტივისტები თუ პოლიტიკოსები არიან”.
დიპლომატმა მადლობა ასევე საკუთარ ოჯახს, მეუღლესა და შვილებს, გადაუხადა.
ამასთან, კოპლატაძის თქმით, მისთვის განსაკუთრებული პატივია, რომ “პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის” გამოხატვისთვის აზერბაიჯანული ნომრებიდან დაურეკეს და მისი “აუგად მოხსენიება სცადეს”.
“ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ ჩვენი წმინდა მეფისა და საქართველოს ძლიერების ერთ-ერთი სიმბოლოს, ვახტანგ გორგასლის (დროშიანის თუ უდროშოს) და თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის კონსტიტუციური გარანტის, უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე კონსტიტუციური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მეთაურის, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ტოლერანტობის გამოხატვის გამო ჩემი აუგად მოხსენიება სცადეს თანამედროვე „ძაღლისგულა“ ბოლშევიკმა „შარიკოვებმა“ (განსაკუთრებით, აზერბაიჯანული ნომრებიდან)”. – წერს კოპლატაძე
გარდა ამისა, კოპლატაძემ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ევროპის ლიგის ჩემპიონატში წარმატებები უსურვა.

“P.S. ვსარგებლობ შემთხვევით და გამარჯვებას, სილაღეს და წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს გერმანიაში – ბიჭებს, რომლებმაც ქვეყანასაც და ჩვენც, დიპლომატებსაც, დაგვასწრეს ევროპაში შესვლა”. – წერს კოპლატაძე.