ჩვენი მიზანია ინოვაციური, უსადენო „პეისმეიკერის” (კარდიოსტიმულატორი) შექმნა, – ამის შესახებ სტარტაპი Cardiostim-ის დამფუძნებელმა გიორგი ქარაბაკმა „ბიზნესპარტნიორს” განუცხადა.
მისი თქმით, დღეს არსებულმა „პეისმეიკერმა” შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს, გარდა ამისა, მას დაახლოებით, 8-10 წელში ქირურგიული ჩარევით შეცვლა სჭირდება, ხოლო ახალი „პეისმეიკერის” შემთხვევაში აღნიშნული პრობლემები აღმოიფხვრება.
„სტანდარტულ შემთხვევაში „პეისმეიკერი“ შედგება გენერატორისგან და ელექტროდებისგან. ელექტროდები დგება გულში და “პეისმეიკერი” – კანქვეშ. გამოცდილებიდან გამომდინარე ვნახეთ, რომ ხშირ შემთხვევაში ხდება „პეისმეიკერის” გენერატორის ინფიცირება, ან ორგანიზმთან შეუთავსებლობა. ვინაიდან ელექტროდები გამოდის ამ გენერატორიდან და გულში არის იმპლანტირებული. არის მომენტები, როდესაც ინფიცირება თვითონ გულის ღრუში ხდება. ჩვენი „პეისმეიკერი” სწორედ ამ პრობლემას აღმოფხვრის, ვინაიდან არის პატარა, მინიატიურული, რომელიც გულის ღრუში, პარკუჭში დგება და ზევით არის მეორე გენერატორი, რომელიც ე.წ.wife-ის პრინციპით გადასცემს იმპულსს. ჩვენ ის ელექტროდი, რომელიც ვენის საშუალებით ეხრახნებოდა პარკუჭში, ან წინა გულში, მთლიანად ამოღებული გვაქვს. გარდა ამისა, ჩვენი „პეისმეიკერი” დატენვადია. თუ აქამდე პაციენტს “პეისმეიკერის” გამოცვლა 8-10 წელში უწევდა, რომელიც ქირურგიულ წესთან იყო დაკავშირებული, ჩვენს შემთხვევაში ესეც მოგვარებული იქნება, რადგან ჩვენი „პეისმეიკერის” დატენვა რამდენჯერმე შეიძლება. კანის ზემოდან დაიდება სპეციალური მოწყობილობა, რომელიც იმპლანტირებულ გენერატორს დატენის.
ჩვენ გავაკეთეთ პროტოტიპი და ჩატარებული გვაქვს ცდა დიდი ზომის საცდელ ცხოველზე. ამჟამად ვმუშაობთ პროტოტიპის დაპატარავებაზე და გვინდა, რომ კიდევ 5 ცდა ჩატარდეს ცხოველზე და ეს ყველაფერი ჩაიწეროს. ადამიანზე აღნიშნული მოწყობილობის გამოყენებამდე, მან ბევრი კვლევის ფაზა უნდა გაიაროს. ჯერ ცდები ცხოველზე უნდა ჩატარდეს, შემდეგ უნდა დადასტურდეს უსაფრთხოება და ა.შ. თითო ფაზა შესაძლებელია 2 წელი გაგრძელდეს და დაახლოებით, 5-მდე ფაზა გვაქვს გასავლელი”, – აცხადებს გიორგი ქარაბაკი.
ცნობისთვის, Cardiostim არის უსადენო, დამუხტვადი იმპლანტირებადი „პეისმეიკერი“, რომელიც გააკონტროლებს პაციენტის გულის რითმს. სტარტაპი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულია.
წყარო: jandacva.ge