ანაკლიის ნავსადგურს ჩინეთის ტვირთებისათვის მიმზიდველობა მხოლოდ რუსეთის ნავსადგურების სანქცირების პირობებში აქვს – TCRC

ანაკლიის ნავსადგურს ჩინეთის ტვირთებისათვის მიმზიდველობა მხოლოდ ს ნავსადურების სანქცირების პირობებში აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ავრცელებს. მათი თქმით, ანაკლიის ნავსადგური, შეასრულებს, ე.წ „გამანაწილებელი“ კვანძის ფუნქციას, სადაც მოხდება, ჩინეთიდან საოკეანო გემებით დიდ პარტიებად ტვირთის მოწოდება, შემდგომ, კი, მცირე პარტიებად, შავი და აზოვის რუსეთის არსებულ 13 ნავსადგურში (2023 წელი – ჯამური ტვირთბრუნვა 291 მლნ ტონა) გადანაწილება.
სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სრულად გთავაზობთ:
„ბუნებრივია იბადება შეკითხვა, თუ, მსოფლიოს და მათ შორის, ევროპულ ნავსადგურებში, ჩინეთი ახორციელებს ფინანსური სახსრების განთავსებას, რატომ არ არის შესაძლებელი ანალოგიური – ანაკლიის ნავსადგურში განახორციელოს?
იმისათვის, რომ პასუხი გაეცეს ამ შეკითხვას – აუცილებელია, სატრანსპორტო დერეფნებზე და საზღვაო მარშრუტებზე ტვირთნაკადების მოძრაობის სპეციფიკის გაანალიზება. რითაც გაეცემა პასუხი, რა პირობებში გააჩნია ჩინეთის ტვირთნაკადს ანაკლიის ნავსადგურში მიმზიდველობა.
ვარიანტი 1 – ჩინური ტვირთნაკადი ჩაისახება აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც მსოფლიოს 10 უმსხვილესი ნავსადგურია განლაგებული, ხოლო საბოლოო დანიშნულება, საზღვაო მარშრუტით – ევროპული სივრცეა, ასეთ ვითარებაში – ანაკლიის ნავსადგურის მიმზიდველობა „ნულის“ ტოლფასია, რადგანაც ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ჩინეთი ფლობს (ჰამბურგის, მარსელის, ანტვერპენის, როტერდამის პორტებს), სამხრეთ ნაწილში (გენუის, ბილბაოს, ვალენსიის, პირეუსის, კომპორტის (სტამბოლის სიახლოვე)), აღნიშნული ნავსადგურები, ანაკლიის გარეშეც დაუბრკოლებლივ შეძლებენ, ჩინეთის ტვირთების მიღების, და ჩინური მულტიმოდალური სარკინიგზო ოპერატორების დახმარებით, ევროპის ცენტრალურ ნაწილში, ტრანსევროპული სარკინიგზო ქსელებით (TEN) გადანაწილებას.
ვარიანტი 2 – როდესაც ტვირთნაკადი ჩაისახება, ჩინეთის ეკონომიკურად ნაკლებად განუვითარებელ, ცენტრალურ რეგიონში, ხოლო, სახმელეთო მარშრუტით, ანაკლიის ნავსადგურის გამოყენებით, საბოლოო დანიშნლება – ევროპული სივრცე იქნება. ობიექტურად უნდა აღინიშნოს, რომ თუ 10 წლის წინ, სახმელეთო და საზღვაო მარშრუტებს შორის თანაფარდობა 2% / 98% შეადგენდა, სადღეისოდ თანაფარდობა, სახმელეთო გადაზიდვების სასარგებლოდაა შეცვლილი – 12 % / 88 %. საომარი დაპირისპირების მიუხედავად, ჩინეთი – რუსეთი – ჩინეთის სახმელეთო მიმართულება, მზარდი და უკონკურენტოა. 2023 წელს 2.0 მლნ ერთეული კონტეინერი გადაიზიდა, მათ შორის მხოლოდ უმნიშვნელო 1% საქართველოზე გამავალი, სახმელეთო შუა დერეფნით გადაიზიდა.
მარშრუტის სირთულის, რევერსული ტვირთების, ჩინეთის მონაკვეთზე სუფსიდირების, ერთიანი ოპერატორის და ა.შ. არ არსებობის, ერთიანობაში – კი დაბალი კონკურენტუნარიანობის გამო – ჩინეთისათვის, სახმელეთო მარშრუტით ანაკლიის ნავსადგურის მიმზიდეველობა „ნულის“ – ტოლფასი იქნება.
რა შემთხვევაში გააჩნია, ჩინეთის ტვირთებისათვის მიმზიდველობა – ანაკლიის ნავსადგურს?
პასუხი ცალსახა – ერთადერთ შემთხვევაში – რუსეთის ნავსადურების სანქცირების პირობებში, ანაკლიის ნავსადგური, შეასრულებს, ე.წ „გამანაწილებელი“ კვანძის ფუნქციას, სადაც მოხდება, ჩინეთიდან საოკეანო გემებით დიდ პარტიებად ტვირთის მოწოდება, შემდგომ, კი, მცირე პარტიებად, შავი და აზოვის რუსეთის არსებულ 13 ნავსადგურში (2023 წელი – ჯამური ტვირთბრუნვა 291 მლნ ტონა) გადანაწილება.
რა ვითარებაში ექნება მიმზიდველობა ანაკლიის ნავსადგურს? ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ნავსადგურს ააშენებს ევროპული კონსორციუმი, ასეთ პირობებში ევროპიდან შემოსული ტვირთები, დამუშავდება ანაკლიის ნავსადგურში და შემდგომ სარკინიგზო არტერიით მიეწოდება ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ანალოგიურად, ცენტრალური აზიის ტვირთები, ანაკლიის გამოყენებით, მიეწოდება ევროპას, რაც იყო თავდაპირველი მიზანი, რადგანაც, როგორც კვლევებით დასტურდება, ცენტრალური აზია, წარმოადგენს საქართველოსათვის, ტვირთნაკადების ჩასახვის და გავრცელების არეალს, რაც სრულად ეხმიანება ქვეყნის ეროვნულ სტრატეგიას“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.