ვის ეკუთვნის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსი“, რომელიც სებ-მა 34 300 ლარით დააჯარიმა?

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სმარტ ფინანსი“ 34 300 ლარით დააჯარიმა.
მისო, რომელიც „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების“ წინააღმდეგ კანონის შესაბამისად დაჯარიმდა, 2009 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიას 3 მფლობელი ჰყავს, წილის 58.5%-ს გელა რიაბუხა ფლობს, 24.4%-ს შოთა გედენიძე, 17%-ს კი გოჩა სებისკვერაძე.
დაჯარიმების მიზეზებში განმარტებულია:
· მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარუდგენლობის 4 (ოთხი) ფაქტის გამო – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 4 (ოთხი) შემთხვევისათვის – სულ – 8,000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით;
· მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ხელთ არსებული ინფორმაციის არასწორად წარდგენის 2 (ორი) ფაქტის გამო – 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 2 (ორი) შემთხვევისათვის, სულ – 4,000 (ოთხი ათასი) ლარი;
· მონიტორინგს დაქვემდეარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის №1 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების სსიპ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის დადგენილი ვადის დაუცველად, 5 სამუშაო დღემდე დაგვიანებით წარდგენის 3 (სამი) ფაქტის გამო – 100 (ასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ამ პუნქტში ნახსენები დარღვევის 3 (სამი) შემთხვევისათვის, სულ – 300 (სამასი) ლარი;
· 7 (შვიდი) კლიენტთან მიმართებაში მინიჭებული მაღალი რისკის ფარგლებში მიკროსაფინანსო ორგანიზაციას არ განუხორციელებია კანონმდებლობის შესაბამისად გარიგების ან/და ქონების (ფულადი სახსრების) წარმომავლობის შესწავლა, რისთვისაც ის დაჯარიმდა – 3,000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ კლიენტთან მიმართებით. დარღვევის 7 (შვიდი) შემთხვევისათვის, სულ – 21,000 (ოცდაერთი ათასი) ლარი.
· “მიკროსაფინანსო ორგანიზაციების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 31 მაისის №61/04 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული ანგარიშგებებით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის არასწორი ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) შემთხვევის გამო – ჯამში 1,000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული რეგულაციის დარღვევის გამო, ეს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისთვის გამოწერილი მეორე ჯარიმაა. პირველი, 2022 წელს 11 000 ლარის ოდენობით იყო.