რა ცვლილებები შევიდა კანონში ქონების გაყოფასთან დაკავშირებით – იურისტი გვანცა ჟორჟოლიანის განმარტება

2024 წლის იანვარში კანონში შევიდა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც მოქალაქეს, რომელსაც სურს მისი უძრავი ქონების ორ ან მეტ ნაწილად დაყოფა, უნდა მოაგროვოს მთელი რიგი დოკუმენტები. როგორც რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ იურისტმა და სამოქალაქო სამართლის სპეციალისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა, იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ მისი უძრავი ქონება რამდენიმე ნაწილად დაყოს, იქნება ეს მიწის ნაკვეთი, ბინა, კერძო სახლი თუ სხვა აქვს უფლება, რომ მეორე ნაწილი გაასხვისოს, გაყიდოს ან დატვირთოს ნებისმიერი ტიპის ვალდებულებით.
„თუ აქამდე მხოლოდ საკადასტრო ან აზომვითი ნახაზი იყო საჭირო იმისთვის, რომ მოგვეხდინა უძრავი ქონების გაყოფა 2 ნაწილად, 2024 წლის პირველი იანვრიდან თბილისის და სხვა ყველა თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე საუბარია უძრავ ქონებაზე ბინაზე ან კერძო სახლზე და მოქალაქეს სურს მისი 2 ნაწილად გაყოფა, აუცილებლად უნდა ჰქონდეს ნებართვა თბილისის ან ნებისმიერი სხვა თვითმმართველი ქალაქის არქიტექტურის სამსახურიდან.
თუ გვინდა, რომ უძრავი ქონება, კერძო სახლი ან ბინა გავყოთ ორ ნაწილად, ამ შემთხვევაში მივმართავთ აზომვითი ნახაზის მარეგისტრირებელ ორგანოს ან ლიცენზირებულ ორგანოს, რომელსაც აქვს ამ ნახაზის გაკეთების უფლებამოსილება, ამის შემდეგ მივდივართ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში, ვაკეთებთ განაცხადს, ვურთავთ ფოტოს და მათი ნებართვის შემდეგ მივდივართ იუსტიციის სახლში.
არქიტექტურის სამსახურისგან მხოლოდ ნებართვა არ არის საკმარისი, ვურთავთ აზომვით ნახაზს, მესაკუთრის დამადასტურებელ დოკუმენტს და პირადობის მოწმობას. ამის საფუძველზე ხდება 2024 წლის პირველი იანვრიდან უძრავი ქონების თბილისსა და ყველა სხვა თვითმმართველ ქალაქში ქონების გაყოფა.“ – აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
ჟორჟოლიანის თქმით ქონებას, რომელსაც აქვს გარკვეული ვალდებულება, მაგალითად იპოთეკა ან რამე სხვა ვალდებულება, უძრავი ქონების გაყოფა შესაძლებელია, თუმცა გაყოფის შემდეგ იპოთეკა გადადის ორივე ქონებაზე.
„ქონება რომელსაც ადევს ნებისმიერი ტიპის ვალდებულება, გაყოფის და გასხვისების შემდეგ ეს ვალდებულება თან გადაჰყვება, თუ ჩვენ ვსაუბრობთ ჩუქების ხელშეკრულებაზე, შეიძლება მოქალაქემ გაყოს ქონება, მაგრამ გაყოფის შემდეგ მოინდომოს ერთ-ერთი ქონების გაჩუქება, ამ შემთხვევაშიც გადადის ვალდებულება და მიჰყვება არსებულ უძრავ ქონებას. ყველა შემთხვევაში ყველა ტიპის ქონებაზე არსებული ვალდებულება გადაჰყვება უძრავ ქონებას“ – აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირება და NGO-ების მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნა – მაკკეინის ინსტიტუტმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ შეფასება გამოაქვეყნა