„ჩანდლერის გაშენებას მაღალი მოლოდინები ემყარებოდა“ – როგორია ჩანდლერის ნერგების მომავალი

პროგრამით „დანერგე მომავალი“ ჩანდლერის ნერგების გაშენება, რომელიც 2015 წლიდან დაიწყო, 2023 წელს ფაქტობრივად შეწყდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის კაკლოვანი კურლტურების ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.
მიმოხილვის მიხედვით, კაკლის ახალი ხარისხიანი ჯიშის, ჩანდლერის გაშენებას მაღალი მოლოდინები ემყარებოდა, თუმცა ცოდნის ნაკლებობამ არაეფექტური წარმოება გამოიწვია – მწარმოებლებმა ნერგები არასწორ დროს, არასწორ პირობებში დარგეს და სათანადოდ ვერ მოუარეს.
დოკუმენტში ასევე წერია, რომ მოთხოვნამ გაუსწრო რეალურ წარმოებას და 2022-23 წლებში კაკლის ფასი ფერმის კართან გაიზარდა.
Galt & Taggart-ის შეფასებით, საქართველოში გაშენებული ჩანდლერის ბაღების მოსავლიანობის გაუმჯობესება წარმოების ზრდის პერსპექტივას იძლევა. არსებული ნერგები 2030 წლისთვის დაახლოებით 5,600 ტონა კაკალს მოისხამს. კაკლის შენახვისთვის კი აუცილებელია საშრობები. დოკუმენტის მიხედვით, არსებული საშრობები სრულიად საკმარისია ახლანდელი მოსავლისთვის, მაგრამ უკვე გაშენებული ბაღების სრულ მსხმიარობაში შესვლის გათვალისწინებით მომავალში მეტის საჭიროებაა.
„ჩანდლერი მსხმოიარობაში მე-4 წლიდან შედის და ნორმალიზდება მერვე წელს. სათანადოდ მოვლის შემთხვევაში ჩანდლერი 5-7 ტონამდე მოსავალს იძლევა ჰექტარზე, კარგი მოვლის შემთხვევაში 8-10 ტონამდე და ცუდი მოვლის შემთხვევაში 2-3 ტონას. ამასთან, გაშენებული ნერგების უმეტესობა სრულ მსხმოიარობაში არ არის შესული. აღსანიშნავია, რომ კაკლის ბაღების გაშენება 2021 წლიდან შენელდა“, – ნათქვამია მიმოხილვაში.
საქართველოში კაკალი დაახლოებით 4,500 ჰექტარზეა გაშენებული. აქედან, უმეტესი ნაწილი მთავრობის პროგრამის „დანერგე მომავლის“ ფარგლებშია გაშენებული და ძირითადად მცირე ზომის 15 ჰექტრამდე ბაღებს მოიცავს.

ასევე დაგაინტერესებთ