ქართველების იმედი პლეი-ოფს უკავშირდება – კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მახვილგონიერება…

ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში სულისშემძვრელი ფინალისა და დამატებით დროში მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდება – შაბათს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე.
გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია.
ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის პირობებში ორმა ნაკრებმა წაააგო სადებიუტო მატჩი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა – სლოვაკეთმა და ჩრდ. ირლანდიამ. ორივე ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა. საქართველოს
ნაკრები ეცდება, მესამე იყოს.
ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრაა, ჩეხებთან კი მიქაუტაძისა თუ კვარაცხელიას მახვილგონიერების ძალიან გვეიმედება!..
მინუმუმ ერთი ქულა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩეხების იმედიც შენარჩუნდება – თუკი ისინი წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება, ჩეხეთის ნაკრები მესამე ადგილზე გასვლის შანსსაც ფაქტობრივად დაკარგავს.
ჩეხეთის ნაკრები თურქებისგან განსნხვავებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ მათ პორტუგალიას თითქმის ფრედ ეთამაშეს და ბოლოს (1:2) წააგეს, ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ზუსტი პასი გააკეთა.
ცნობისთვის, 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი ბოლო სამი ევროდან ორში მერვედფინალში გავიდა.
ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არაა, მთავარი სიახლე იქნებ ზურიკო დავითაშვილის გამოჩენა და უფრი შემტევი შემადგენლობა იყოს. პირველივე წუთებიდან ითამაშებს 19 გოლით ჩეხეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი პატრიკ შიკი. დიდი იქნება “ვესტ ჰემის” ფეხბურთელების, ტომას სოუჩეკისა და ვლადიმირ სოუფალის როლი. ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკს პირველ ტურში ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა – 7…
სავარაუდო შემადგენლობები
საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი – კვირკველია, კაშია, დვალი – კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია – ჩაკვეტაძე – კვარაცხელია, მიქაუტაძე
ჩეხეთი (3-1-4-2): სტანეკი – ჰოლესი, ჰრანაცი, კრეჟჩი – სოუჩეკი – ცოუფალი, ბარაკი, პროვოდი, დუდერა – ჩიტილი, შიკი
მსაჯი – ზიბერტი (გერმანია)
ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall. ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.